საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ ღია წერილით მიმართა ქვეყნის სპორტისა და კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს და სპორტულ ფედერაციებს . გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას.
ქალბატონ თეა წულუკიანს,
საქართველოს სპორტისა და კულტურის მინისტრს
საქართველოს სპორტულ ფედერაციებს
იოსებ ტყემალაძის,
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის
ღ ი ა მ ი მ ა რ თ ვ ა
ქალბატონო თეა, კოლეგებო – სპორტის ფედერაციებში, მოგიწოდებთ ერთობლივი ძალისხმევით ბიძგი მივცეთ
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჯანსაღ პროცესებს, მათ შორის რექტორის დაჩქარებული და სპორტის სამყაროსთვის გაუმჭვირვალედ ჩატარებული არჩევნების გაბათილების პროცესს.
ვფიქრობ აუცილებელი იყო წამყვანი სპორტული სახეობების ფედერაციებს მაინც, და, მათ შორის საქართველოს რაგბის კავშირს, საშუალება გვქონოდა, გავცნობოდით უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, დღის წესრიგში მდგარ საჭიროებებს, ისევე როგორც თავად უნივერისტეტის ხედვას, რა გამოწვევებს ხედავს პედაგოგთა კოლექტივი და როგორ შეგვიძლია სპორტის ფედერაციებს მათ დასაძლევად თანადგომა. სწორედ ამ ინიციატივით მივმართე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას – წამოგვეწყო სპორტის სფეროში ფართო დისკუსია, გავცნობოდით რექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმებს, თუმცა ეს მიმართვა არ გაითვალისწინეს, – შესაბამისად, უნივერსიტეტის არსებულ ადმინისტრაციასთან ქართული რაგბის თანამშრომლობას შეუძლებლად მივიჩნევ და მოვუწოდებ სპორტის სხვა ფედერაციებსაც გამოთქვან თავიანთი დამოკიდებულება – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ამჟამინდელი კარჩაკეტილი და გაუმჭვირვალე პოლიტიკის მიმართ.
წლების განმავლობაში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ადამიანთა ერთი ჯგუფი მხოლოდ საკუთარი შეხედულებით, და, ჩვენი აზრით, ქართული სპორტის საზიანოდ მართავს, ხოლო ჩვენ ფედერაციებს, არ გვეძლევა აზრის გამოთქმისა თუ საუკეთესო პრაქტიკის შეთავაზების საშუალება. ქართული რაგბი დღეს ქართული სპორტის ავანგარდში დგას და მასშტაბურად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე, შესაბამისად, ჩვენ რაგბის კავშირს, გვაქვს ქართული სპორტის სპეციალისტების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საჭიროებების ფართო და ზუსტი ხედვა, ისევე როგორც გვაქვს მოვალეობა და სურვილი ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ აკადემიურ სექტორს და შევიტანოთ წვლილი ქართული სპორტის სპეციალისტთა ახალი თაობების უკეთ მომზადებაში.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბევრი პროფესიონალი და პატრიოტულად განწყობილი პედაგოგი მუშაობს, მათი დიდი ნაწილი იზიარებს ჩვენს გულისტკივილს და ელის პროგრესულ რეფორმებს, რომელთაც სასწავლებლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იქ მიმდინარე პროცესებს მაქსიმალურად კეტავს სპორტის გარე სამყაროსთვის, რექტორის არჩევნები, რომელიც დაჩქარებულად და სრულიად გაუმჭვირვალედ ჩატარდა ამის მხოლოდ ერთი მაგალითი იყო.
ვფიქრობთ, და ზუსტად ვიცით, რომ სპორტში მაღალ მიღწევებს ერთობლივი ძალისხმევა ჭირდება და ქართული რაგბი ამის თვალსაჩინო მაგალითია: მთავრობის დაუღალავი გვერდში დგომის, ასევე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და “ფონდ ქართუს” უანგარო დახმარების შედეგად ჩვენ არაერთი ისტორიული გამოწვევა წარმატებით დავძლიეთ და სწრაფად მივიწევთ ყველაზე მაღალი მიჯნის გადასალახად. ამ თანამშრომლობის წარმატება განაპირობა არამხოლოდ ფინანსურმა თანადგომამ, არამედ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა მხარის ინტელექტუალურმა ჩართულობამაც, რისთვისაც არასდროს დავიღლები მეც პირადად, და ქართული რაგბიც მადლობის გადასახდელად.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დამეთანხმებით, რომ სპორტული ფედერაციების ჩართულობა ფიზ-აღზრდის სტრატეგიის დაგეგმვასა და უზრუნველყოფაში ძალიან საშური და კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია, და, იმედი გვაქვს ყველა დავდგებით ამ ჯანსაღი მოსაზრების მხარეს, – სამინისტროს დახმარებით შევაჩერებთ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს. ჩვენი სურვილია და, ვფიქრობთ, ვალდებულებაც, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ქართული სპორტის მომავალ სპეციალისტთა საუკეთესოდ მომზადების საქმეში.
პატივისცემით
იოსებ ტყემალაძე
rugby.ge