„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „ბარსელონასთან“ საგარეო მატჩში ვერაფერი გააწყო და 1:3 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში კი - 2:4.
მატჩის სტარტი „ნაპოლისთვის“ ძალიან ცუდი გამოდგა, რადგან მე-15 და მე-17 წუთებზე ესპანელებმა ორჯერ გაიტანეს. ანგარიში ფერმინ ლოპესმა გახსნა, ხოლო შემდეგ ჟოაო კანსელომ სხვაობა გაზარდა. ნეაპოლელებმა თამაშში დაბრუნება 30-ე წუთზე ამირ რაჰმანის გოლით მოახერხეს და სიტუაციაც დაძაბეს.
ფრანჩესკო კალცონას გუნდი უშანსოდ არ ყოფილა, რადგან „ბარსელონას“ დაცვა ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ ნეაპოლელთა დაცვის ხაზი კიდევ უფრო კატასტროფულად თამაშობდა.
მეორე ტაიმის სტარტზე ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო გათანაბრება, ოდნავ ააცილა. მერე „ბარსას“ უფრო ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ალექს მერეტი ყოჩაღობდა. 83-ე წუთზე კი, ისიც ვერაფერს გახდა, ან რას გახდებოდა, როცა „ნაპოლის“ დაცვა უსაქმოდ იდგა და რობერტ ლევანდოვსკიმ ცარიელ კარში გაიტანა, რითაც თამაშს ყველანაირი ინტრიგა მოუკლა.
დარჩენილ დროში იტალიურ კლუბს შეეძლო პრესტიჟის გოლის გატანა, თუმცა, ვერ გაიტანა. ჯერ კვარას პასის მერე მატიას ოლივერამ ხარიხას გაარტყა, ხოლო 91-ე წუთზე თვითონ ხვიჩას მილიმეტრები დააკლდა გოლამდე, როცა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უშანსოდ იყო.
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში დაემშვიდობა და ვერც მსოფლიოს 2025 წლის საკლუბო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რადგან საჭირო ქულებს ვეღარ დააგროვებს. ასე რომ, ამ ტურნირზე იტალიას „ინტერთან“ ერთად „იუვენტუსი“ წარადგენს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გამოსვლა 8 მატჩში 1 საგოლე პასით დაასრულა. მას ამ ტურნირზე გოლი 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გაუტანია, როცა „აიაქსი“ დაამწუხრა. მიმდინარე სეზონში კვარას ყველა ტურნირზე 37 მატჩში 10 გოლი, 5 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს.
„ბარსელონა“ მეოთხედფინალშია, სადაც ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად ითამაშებს.
„ბარსელონა“ – „ნაპოლი“ 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 ფერმინ ლოპესი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)