ფეხბურთი

19:35 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი ყველაზე გამოცდილი 23-წლამდე მეკარე: მნიშვნელოვანი ფაქტორი გრანდებისთვის

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ As-ის დღევანდელ ნომერში ვრცელი სტატია გამოქვეყნდა.

მასში საუბარია იმაზე, რომ დამდეგ ზაფხულს დიდი ალბათობით, ქართველ მეკარეს „ლოს ჩე“ სარფიანად გაყიდის. 23-წლამდე მეკარეებში გიორგი ყველაზე ძვირადღირებულია და თანაც, ხსენებულ ასაკში ტოპლიგაში თამაშის ასეთი დიდი გამოცდილება სხვას არავის აქვს. ეს ყველაფერი კი, დიდი კლუბებისთვის მეკარის შეძენის მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. As-ი წერს:

„ვალენსიაში“ მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში ევროპაში ბევრი გუნდის ყურადღებას იპყრობს. მეკარე სატრანსფერო ბაზარზე დამდეგ ზაფხულს იქნება, რადგან „ვალენსია“ ყოველწლიურად ყიდის გუნდის ლიდერებს და წელს ყველას თვალი ქართველი მეკარისკენაა მიმართული. „ვალენსიამ“ შეთავაზება გასულ ზაფხულსაც მიიღო (ის რეალის ერთ-ერთი ვარიანტი იყო კურტუას ტრავმის შემდეგ), მაგრამ ლიმმა მოუსმინა მწვრთნელებს და ამჯობინა მომდევნო ზაფხულს დალოდებოდა. მამარდაშვილი ზედიზედ მესამე სეზონია ისეთ ჩემპიონატში, როგორიც ესპანეთშია, უყოყმანოდ ძირითადი შემადგენლობის წევრია. ეს არის დაუწერელი კანონი, რომელსაც სპორტული დირექტორები ეყრდნობიან, როცა საქმე მეკარეში ფულის დახარჯვას ეხება. მეორე ფუნდამენტური კი, მისი ასაკია: 23 წელი.

ამიტომ, „ვალენსია“ ამ ზაფხულს ქართველის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ შეთავაზებას მიიღებს. კლუბმა, რომელმაც იცის ეს სიტუაცია, უკვე დაიწყო სხვა მეკარეების ძებნა, რომლებსაც კონტრაქტი ეწურებათ თავიანთ კლუბებთან ან რომელთა ფასი მინიმალურია, როგორც ეს არის, „რაიო ვალეკანოს“ მეკარის, დიმიტრევსკის შემთხვევაში. გულშემატკივრებს სურთ, რომ ბარახას პროექტი გაგრძელდეს იმ კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელებით, რომლებიც ამჟამად გუნდში არიან. თუმცა, ეს „ვალენსიას“ ხელმძღვანელობის პერიოდში ძალიან ძნელად მოჩანს. ისიც უცნობია, აპირებს თუ არა, მამარდაშვილი ახლა გუნდიდან წასვლას.

ეს, რაღაც ძალიან ცვალებადია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მით უმეტეს მეკარისთვის. ერთ-ერთი ფაქტორია პიტერ ლიმიც, როდის გადაწყვეტს ის მამარდაშვილის გაყიდვას, პირველივე შეთავაზებაზე, თუ დაელოდება დიდ შეთავაზებას მთელი ზაფხულის განმავლობაში. თუმცა, Transfermarkt-ის მეშვეობით, შეგვიძლია რეალობას მივუახლოვდეთ და ამ თვალსაზრისით მამარდაშვილს კონკურენტი არ ეყოლება მისი ფასის, გამოცდილებისა და ასაკიდან გამომდინარე. „ვალენსიას“ მეკარის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა, ეს თეორიული მაჩვენებელია, მაგრამ მსგავსი შეთავაზება თუ შემოვა, კლუბი მზად იქნება, რომ ის გაყიდოს.

მთელ ევროპაში არ არსებობს 23 წლამდე დაბალი ასაკის მეკარე ამ საბაზრო ღირებულებით. მასთან ახლოს მხოლოდ „ბენფიკას“ უკრაინელი მეკარე, ანატოლი ტრუბინია (22 წლის), რომლის ფასი 25 მილიონია. „ლილის“ მეკარე შევალიე (22 წლის) 18 მილიონი ღირს. გარდა ამისა, მთელ კონტინენტზე მხოლოდ სამი მეკარე აღწევს 15 მილიონს - ფილიპ იორგენსენი (21 წლის) „ვილიარეალიდან“, ბარტ ვერბრუგენი (21 წლის) „ბრაიტონიდან) და ჯეიმს ტრაფორდი (21 წლის) „ბარნლიდან). რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ელიტალირ ლიგაში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვს, ვიდრე მამარდაშვილს“, - წერს ჟურნალისტი ხულიან ბურგოსი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 მშრალი მატჩი ჩაატარა, ხოლო სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გაშვებული. მას „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.116939