ფეხბურთი

14:42 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: „ხვიჩა შეიძლება „ბარსელონასთვის“ მთავარი საფრთხე გახდეს“

„მილანის,“ „იუვენტუსის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ „ნაპოლის“ ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში უსიამოვნოდ გააოცოს „ბარსელონა.“ შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელები კატალონიელებს დღეს, 12 მარტს დაუპირისპირდებიან.

„ვხედავ, რომ კვარა ისევ თავის დონეზე თამაშობს. ის შესაძლოა „ბარსელონასთვის“ ნომერ პირველი საფრთხე გახდეს. მისმა სიჩქარემ და ინტენსივობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ. მგონია, რომ ხვიჩას კვლავ სურს გახდეს ლიდერი, როგორიც შარშან იყო“, - ციტირებს კაპელოს სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში გარემარმა პარტენოპელთა შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 10 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.112712