ფეხბურთი

13:07 | 13.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია შემადგენლობაზე, არაბიძეზე, ლობჟანიძეზე და ბევრ სხვა თემაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩაატარებს ლუქსემბურგის წინააღმდეგ.

აღნიშნული შეხვედრისთვის, რასაც შეიძლება ფინალიც დაემატოს (საბერძნეთთან ან ყაზახეთთან), ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა პრესკონფერენციაზე დაასახელა, შემდეგ კი მან, ჟურნალისტების შეკითხვებს დაწვრილებით უპასუხა:

„ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნება ჩემი სურვილი იყო, დიდხანს ვფიქრობდი. ჯაბამ თავისი სურვილით დაასრულა სანაკრებო კარიერა, როგორც საფეხბურთო, ისე პირადი მიზეზებით და მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით. თუმცა, დიდი სურვილი გვქონდა ჩვენთან ისევ ეთამაშა, ვისაუბრეთ მასთან, ძალიან დადებითი დიალოგი იყო და გვითხრა, რომ ნებისმიერი ფორმით მზად იყო დასაბრუნებლად და გუნდის დასახმარებლად.

არ არის მნიშვნელოვანი ვართ თუ არა, ლუქსემბურგთან ფავორიტი. მთავარია, რომ სახლში ვთამაშობთ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე. ისტორიული თამაშია და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება.

რაც შეეხება ირაკლი აზაროვის არყოფნას, რთული გადაწყვეტილება იყო, ზოგადად, ხშირად მიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება. მისი ბოლო მატჩებით ნაკრებში არ ვიყავი კმაყოფილი, კლუბი და ნაკრები სხვადასხვა რამეა. მან უნდა გააცნობიეროს, რომ პირველ რიგში მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. მას ექნება მომავალში შანსი, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ შენგელია და წიტაიშვილი უკეთესად გამოიყურებიან, ამიტომ, მათი იმედი მაქვს.

საბა ლობჟანიძეს პიროვნულად, როგორც პროფესიონალს, ძალიან ვაფასებ და მასთან მუშაობა მსიამოვნებს. თუმცა, ის ამერიკაში წავიდა, სადაც კვირას რთული მატჩი აქვს და ხანგრძლივი მოგზაურობის გამო აღდგენისთვის დრო არ ექნებოდა, თანაც ასეთ სიტუაციაში თამაშს მიუჩვეველია. ჩავთვალე, რომ ლუქსემბურგისთვის მზად არ იქნებოდა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ კონკრეტული მატჩებისთვის მივიღე და ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ეროვნულ ნაკრებში არ იქნება.

შარშანდელის მერე რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი გამოვცადეთ, ახალი ფეხბურთელებიც, თუმცა ამას ექსპერიმენტს ვერ დავარქმევ. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც გამოვიძახე, ამჯერად ამას იმსახურებდა და მზად იქნება გუნდს დაეხმარონ.

ერთა ლიგის და ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლის შედარება რთულია, ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის დიდი პატივისცემის მიუხედავად, შესარჩევ ეტაპზე ბევრად ძლიერი მეტოქეები გვყავდა. ესპანეთთან გვქონდა ტაქტიკური შეცდომები, ამას ვაღიარებ. ზოგადად, ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება, მირჩევნია შედარებით ცუდი თამაშის ხარისხით 1:0 მოვიგოთ, ვიდრე შემტევი ფეხბურთით წავაგოთ. ლუქსემბურგის ნაკრებს გავაანალიზებთ და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე შესაბამისად მივუდგებით თამაშს.

ფიზიკური მომზადება ერთ-ერთი კრიტერიუმია, რითაც შემადგენლობა შევარჩიე, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია გამოცდილების, თამაშის ხარისხის და შეთამაშების ფაქტორიც. ყოველთვის არსებობს განსხვავებული მოსაზრება თუ ვინ უნდა იყოს ნაკრებში. ამ ეტაპზე ვარჩიე, რომ მარცხენა ფლანგზე ვენდო წიტაიშვილს და შენგელიას, ასევე, გოჩოლეიშვილს, რომელსაც შეუძლია მარცხენა ფლანგზე თამაში.

არაბიძე იყო გაფართოებულ სიაში. ვიცით, რომ კარგი სეზონი ჩაატარა, ბევრი გოლი გაიტანა. მას ვაკვირდებოდი, როგორც სტადიონზე, ისე ვიდეოჩანაწერებით. მესმის გულშემატკივრების, რომლებიც ითხოვენ მას ნაკრებში, მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი ბოლო ორ შეხვედრაში. შეიძლება მე არ ვარ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, ამას მხოლოდ ჩემი ცოლი ფიქრობს, მაგრამ იურგენ კლოპი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მან თქვა, რომ მხოლოდ ლიონელ მესის შეუძლია მაღალი ინტენსივობის გარეშე თამაში, არც რონალდუს, არც მბაპეს! ბოლო 10 წლის განმავლობაში ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, ბევრად ფიზიკური და ინტენსიური გახდა. შესაბამისად, ასეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მაღალი ინტენსივობით თამაში შეუძლია, საქართველოშიც გვჭირდება. ცხადია, არაბიძისთვის სამომავლოდ ნაკრების კარი ღია რჩება.

მეტოქეებზე ვრცლად საუბარს ყოველთვის ვერიდები და ახლაც არ ვაპირებ. ვისაც ლუქსემბურგი ჯუჯა საფეხბურთო ქვეყანა ჰგონია, ვეტყვი, რომ მეტოქეს პატივი სცენ, მათ საკმაო პროგრესი განიცადეს ბოლო დროს. ტრავმები და პრობლემები ყველა გუნდშია, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ ისინი ჩვენზე ან ჩვენ მათზე, თამაშის დღეს გადამწყვეტი მენტალური მზადყოფნა იქნება.

ყოველთვის მაქვს იმედი, რომ ჩემი ფეხბურთელები მოტივირებული იქნებიან ნებისმიერ თამაშზე, არა მხოლოდ ახლა. რა თქმა უნდა, წნეხი არის, მაგრამ მე ამას დადებითად აღვიქვამ და დაბრკოლებად არ მიმაჩნია. ფეხბურთს სწორედ ასეთი მატჩებისთვის და მისგან გამოწვეული წნეხისთვის ვთამაშობთ, ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის დაბრკოლება. კანკავას დაბრუნება გუნდისთვის მოტივაციაა, რაც შეეხება კაპიტანს, გურამ კაშია იქნება, რადგან ისიც შესანიშნავი კაპიტანია.

მიქაუტაძე რთული პერიოდის შემდეგ კარგ ფორმაშია და ძალიან მიხარია. ზივზივაძეც ასევე კარგ ფორმაშია. მიფიქრია, რომ მათ ერთად ითამაშონ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას შეკრებაზე, ვარჯიშების შემდეგ მივიღებ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი 26 მარტს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება. ფინალის მასპინძელიც საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115314