ფეხბურთი

23:30 | 11.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "კვარაცხელია შესანიშნავი იყო, მაგრამ "ტორინოსთან" გუნდმაც კარგად ითამაშა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ეს არის წლის მატჩი და ფეხბურთელების მოტივაციის ასამაღლებლად განსაკუთრებული რაღაცის გაკეთება საჭირო არაა.

„ბარსელონას“ ბევრი ფეხბურთელი მომწონს, რთულია არჩევა, მაგრამ კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებიც მყავს. ეჭვგარეშეა, რომ ლამინ იამალს აქვს საიმისო კლასი, რომ მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. 17 წლისაა, მაგრამ ვეტერანივით თამაშობს და თუ გზად არ დაიკარგება, შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო გახდეს.

არ გეთანხმებით, რომ პარასკევს კვარა-ტორინოს მატჩი იყო. ვფიქრობ, გუნდურადაც კარგად ვითამაშეთ. ცხადია, რომ კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ გუნდმაც. მხოლოდ მოგება დაგვაკლდა, ძვირად დაგვიჯდა ერთადერთი შეცდომა. ხვალინდელი მატჩი ფუნდამენტურია, წლის მატჩია და მეოთხედფინალში გასვლა სტიმული უნდა იყოს სერია A-ში სიტუაციის გამოსასწორებლადაც.

თუ შიში გაქვს, ასეთი მატჩის სათამაშოდ არც უნდა გამოცხადდე. სითამამეა საჭირო მსგავსი მატჩებისთვის, უნდა გვჯეროდეს, რომ ძლიერები ვართ. „ნაპოლიმ“ ყველა მეტოქესთან თანაბრად უნდა ითამაშოს და ეცადოს გამარჯვებას.

განსაკუთრებულის გაკეთება საჭირო არაა იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მატჩია. როგორც პოლიტანომ თქვა, ასეთი მატჩების წინ მოტივირება თავისთავად ხდება, ამიტომ ამაზე დრო არ დამიკარგავს, ყურადღება იმ საკითხებზე გავამახვილეთ, რაშიც გვიჭირს და რაშიც უნდა მოვუმატოთ.

ჩემი აზრით, ბევრი რამ შეიცვალა გუნდში, მას მერე, რაც მოვედი. ახლა უფრო კომპაქტურად ვთამაშობთ, ნაკლებ სახიფათო მომენტს ვიღებთ ჩვენს კართან, ჩვენ უფრო მეტ მომენტს ვქმნით და გოლებიც საკმარისად გაგვაქვს. თავს უფრო მაღლა ვიცავთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ მომწონს, როცა ჩემი გუნდი უკან მირბის. ეს ბიჭების დამსახურებაა, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან და სამ კვირაში გიგანტური პროგრესი განიცადეს. რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი დასრულებულა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელია ისე სათამაშოდ, როგორც მე მინდა.

ლობოტკასთან მუშაობის საშუალება სლოვაკეთის ნაკრებშიც მაქვს. ის ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს და მიხარია, რომ მასთან მუშაობა მიწევს. დე იონგი? ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი. თანამედროვე, ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც ყველაფერი აქვს. დიდი დანაკლისია, მაგრამ „ბარსელონას“ ღრმა შემადგენლობა ჰყავს და შესაბამის ზომებს მიიღებენ მის შესაცვლელად“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.129088