საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტური თბილისში დაიწყო, სადაც „იბერია 1999“-მა „სამტრედიას“ უმასპინძლა.
შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გიორგი მიქაძის გუნდი შოთა ნონიკაშვილის გოლით მალევე დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ომრან ჰაიდარმა ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში თბილისელები შეიკნე სილას გოლით მეორედ დაწინაურდნენ, რასაც 76-ე წუთზე დიტო ფაჩულიამ უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 2:2.
„იბერია 1999“ 7 ქულით ამ დროისთვის ლიდერია და წინ „დინამო თბილისთან“ მატჩი ელოდება, ხოლო „სამტრედიამ“ სამ ტურში 2 ქულა დააგროვა და მომდევნო ტურში „გაგრას“ უმასპინძლებს.
„იბერია 1999“ – „სამტრედია“ 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 ნონიკაშვილი (21), 1:1 ჰაიდარი (37), 2:1 სილა (62), 2:2 ფაჩულია (76)