ფეხბურთი

15:18 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე "მილანზე", კარიერაზე, კვარაცხელიასა და სხვა თემებზე Radio Serie A-თან ინტერვიუში

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ Radio Serie A-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ჟურნალისტი ალესანდრო ალჩატო ყოველ კვირაში ვეტერან ფეხბურთელებს ესაუბრება და ამჯერად ის თბილისს ეწვია, სადაც კალაძეს შეხვდა და ბევრ საკითხზე ისაუბრეს.

შესავალი

ჩემი კარიერის დავიწყება შეუძლებელია. ბედნიერი და ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა „მილანში“ მეთამაშა და ყველაფერი მომეგო, რისი მოგებაც შემეძლო. ამით ძალიან ვამაყობ.

კარიერის საწყის ნაბიჯებზე

ბავშვობიდან მიყვარდა ფეხბურთი. მამაჩემიც ფეხბურთელი იყო. როცა პატარა ვიყავი დავდიოდი სტადიონზე, ვუყურებდი ჩემი ქალაქის, სამტრედიას თამაშებს. შემდეგ ფეხბურთზე სიარულიც დავიწყე. მერე გადავედი საქართველოს ყველაზე პოპულარულ გუნდში, „დინამო თბილისში“, სადაც 16 წლის ასაკში მქონდა დებიუტი და იქიდან დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა.

ბავშვობის კუმირი

ბავშვობაში ჩემი კუმირი იყვნენ მარადონა და პაოლო მალდინი. პაოლოს პოსტერი ოთახში მქონდა, მის თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებდი. ცოტა ხნის წინ მილანში ვიყავი და ამაზე პაოლოსაც ველაპარაკე. შემდეგ ღმერთმა მომცა შესაძლებლობა პაოლოსთან ერთად მეთამაშა, ეს დიდებული რამეა, არა მარტო ვითამაშე მასთან ერთად, არამედ, როგორც ვთქვი, ყველაფერი მოვიგე.

სტიმული სამტრედიაში უარით

როცა პატარა ვიყავი, ყოველთვის მინდოდა ფეხბურთელობა. ბევრი ვიმუშავე, შეიძლება, ვიღაც რომ უყურებს „მილანის“ ფეხბურთელს, არ იცის, რამდენი შრომა, რამდენი სირთულეა ამ ყველაფრის უკან, ეს ნორმალურია. ძალიან პატარა ქალაქში, სამტრედიაში დავიბადე და არავის შეეძლო წარმოდგენა, რომ კალაძე ერთ დღეს „მილანში“ ითამაშებდა. მეტიც, გეტყვით, რომ როცა პატარა ვიყავი, სამტრედიაში მწვრთნელმა მითხრა, რომ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი. ამან დიდი სტიმული მომცა, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ასე არ იყო და მუშაობით, ძლიერი ხასიათით შევძელი. ამ ადამიანის მადლობელი ვარ, როცა სახლში, სამტრედიაში ვბრუნდები მას მადლობას ვეუბნები, რადგან მან დიდი სტიმული მომცა, როცა გუნდიდან გამიშვა და მითხრა, რომ ფეხბურთელი ვერ გავხდებოდი.

რთული 90-იანები წლები

90-იანები წლები ძალიან რთული იყო, რადგან საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველო, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოები გახდნენ. არ იყო ელექტროენერგია, არ იყო გაზი, საჭმლის ყიდვაც ძალიან ძნელი იყო, საშინელი პერიოდი იყო. საქართველოში გვქონდა ომები, ძალიან ცუდი პერიოდი გავიარეთ. ახლა, როცა ამ პერიოდზე ჩემს შვილებს ვუყვები, ვერ იჯერებენ, ვერ ახერხებენ წარმოდგენას, რომ საქართველოში ასეთი წლები იყო. თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყანა განვითარდა. როცა ქვეყანაში ეკონომიკურად რთული პერიოდია, ხალხი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გამოიკვებოს, რა გააკეთონ შვილებისთვის, ოჯახებისთვის, ფეხბურთზე ფიქრი რთულია, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ერთადერთი გზა ამ საშინელი სიტუაციიდან გამოსავალი იყო ფეხბურთელი გავმხდარიყავი, რათა ჩემს ოჯახს და ახლობლებს დავხმარებოდი. ეს არის სიმართლე, ნამდვილად ძალიან რთული წლები იყო. ჩემი შვილებიც ნელ-ნელა იგებენ იმ დროს, იცით, როცა ბებია და ბაბუა მიყვებოდნენ 40-იანი წლების შესახებ, მეც მიჭირდა წარმოდგენა, ჩემი შვილების შემთხვევაშიც იგივეა, ამიტომ, უჭირთ 90-იანები წლების წარმოდგენა.

ანდრეი შევჩენკო და „მილანში“ გადასვლა

შევჩენკოსთან ერთად კიევის „დინამოში“ კარგი სეზონები მქონდა. უძლიერესი გუნდი გვყავდა, მწვრთნელი იყო ვალერი ლობანოვსკი, ერთ-ერთი საუკეთესო. „მილანში“ ჯერ შევა გადავიდა, ყველა აკვირდებოდა, როგორ ითამაშებდა ის იტალიაში, რადგან მანამდეც სერია A-ში სხვა ფეხბურთელები წავიდნენ, მიხაილიჩენკო, ზავაროვი, ალეინიკოვი, ამიტომ ყველა ელოდებოდა შევას, როგორ ითამაშებდა „მილანში“. მან პირველივე სეზონში ბევრი გოლი გაიტანა, ბომბარდირი გახდა, ხოლო წელიწადნახევრის შემდეგ „მილანმა“ მეც წამიყვანა.

„ბაიერნში“ ჩავარდნილი ტრანსფერი

უნდა ვთქვა, რომ „მილანში“ წასვლამდე „ბაიერნში“ შეიძლებოდა გადავსულიყავი. მიუნხენშიც ჩავედი, რუმენიგესთან ვისაუბრე, შეთანხმება ყველაფერზე მიღწეული იყო, კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა. შემდეგ, როცა კიევში დავბრუნდი, გუნდი მოსკოვში წავედით ზამთრის ტურნირზე, სადაც რეზო ჭოხონელიძემ მითხრა, რომ მილანში უნდა წავსულიყავით და კონტრაქტი გაგვეფორმებინა. ველაპარაკე პრეზიდენტ სურკისს, რომელმაც მითხრა, რომ შეთანხმება არსებობდა გალიანისთან და კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა. წავედი და „მილანთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ მქონდა ეს შესაძლებლობა უდიდესი ისტორიის გუნდში მეთამაშა.

9 წელი „მილანში“

„მილანში“ 9 ლამაზი წელი გავატარე. იყო რთული პერიოდებიც, მქონდა ტრავმებიც, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მოვიგე, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, იტალიის თასი, ევროპის სუპერთასი, საკონინტენთაშორისო თასი, პრაქტიკულად ყველაფერი მოვიგეთ. ეს იყო ოჯახივით გუნდი, რომელსაც დიდი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჰყავდა.

დაუვიწყარი გამარჯვება და გამორჩეული თანაგუნდელი

ყველაზე დაუვიწყარი გამარჯვება 2003 წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალია „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. საუკეთესო თანაგუნდელი ჩემი აზრით, პაოლო მალდინი იყო, გარდა იმისა, რომ დიდებული ფეხბურთელი იყო, შესანიშნავი ადამიანია. თუმცა ყველა ძალიან კარგი იყო, ბევრთან დღემდე ვმეგობრობ, როცა მილანში ჩავდივარ, ერთმანეთს ვხვდებით, ვახშამზე მივდივართ. ის „მილანი“ იყო ნამდვილი ოჯახი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში.

ჯენარო გატუზოსთან ხუმრობები

გატუზო მაგარი ადამიანია, ყოველთვის ვეხუმრებოდი და ძალიან ბრაზდებოდა. მას პირლოც აგიჟებდა, ყოველ საღამოს ერთად მივდიოდით ოჯახებით სავახშმოდ. ახლა არ ვიცი, როგორაა, მაგრამ როცა „მილანში“ ჩვენ ვთამაშობდით, ნამდვილი ოჯახი იყო. გატუზომ ერთხელ ლოკოკინა შეჭამა. არ მახსოვს რომელი მატჩი იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის თამაშისთვის ვემზადებოდით, მილანელოზე ვიყავით. წინა დღეს წვიმდა და ბალახზე ლოკოკინა იყო. ვუთხარი, რომ თუ შეჭამდა 10 000-ს მივცემდი, პირლო, ბროკი და სხვებიც ამყვნენ, რინოს ეუბნებოდნენ, რომ უნდა ეჭამა. მან კი, მართლა შეჭამა, მაგრამ 10 000 ვერ მიიღო. შემდეგ ერთი ბოთლი წყალი დააყოლა (იღიმის).

ძმის გატაცება და სიკვდილი

ამან ჩემზე დიდი კვალი დატოვა, ახლაც ჩემთვის ჭრილობაა, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ. როცა ფეხბურთელი ხარ, მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქრო. იმ პერიოდმა მენტალურად დიდი პრობლემები შემიქმნა. მე სახლიდან ძალიან შორს ვიყავი, ჩემი მშობლები საქართველოში იყვნენ და როცა ვურეკავდი ყოველდღე ტიროდნენ, საშინელება იყო. თუმცა, თავი არ დამიხრია, არ დავეცი, რადგან ვიცოდი, რომ მე თუ დავეცემოდი, ჩემი მშობლებიც განადგურდებოდნენ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი თავი მაღლა ამეწია, გადამელახა ეს ცუდი პერიოდი. გუნდი, ჩემი მეგობრები ძალიან დამეხმარნენ. ვფიქრობ, რომ არა ეს ამბავი, უფრო მეტის მიღწევაც შემეძლო ფეხბურთში, მაგრამ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლა შეუძლებელია. როგორც ვთქვი, 90-იანები წლები საქართველოში რთული იყო, არც მინდა გახსენება, მაშინ რაც ხდებოდა. დღეს, ჩვენი ქვეყანა სხვა საქართველოა, ვიდრე 90-იან წლებში, პრაქტიკულად ყველაფერი შეიცვალა, მენტალიტეტიც. ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი ჩემს ოჯახს შეემთხვა, ეს არის ჭრილობა, რომელიც მთელი ცხოვრება დამრჩება. დიახ, შვილს ლევანი დავარქვი, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. მანაც იცის, რომ ბიძამისის სახელი ჰქვია. ის ახლა ფეხბურთს თამაშობს, ფიზიკურად ძლიერია, ნიჭი აქვს, ცენტრალური მცველია და ვნახოთ.

„ჯენოაში“ გატარებული 2 წელი

„ჯენოაში“ ლამაზი წლები გავატარე. პირველი სეზონი ძალიან კარგი იყო. მწვრთნელი გახლდათ გასპერინი, ის ძალიან კარგად ამზადებდა მატჩებს, ძალიან კარგი ვარჯიშები ჰქონდა, ინტენსიური და ძალიან დამეხმარა. „ჯენოაში“ ორი ძალიან კარგი წელი გავატარე. სტადიონი ულამაზესია, საოცარი ქომაგობა იციან, ფეხბურთი და „ჯენოა“ სიგიჟემდე უყვართ.

პოლიტიკაში წასვლა

ადვილი არ იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩემი ქვეყნისთვის მივიღე, რადგან დრამატული სიტუაცია იყო. „ჯენოასთან“ კიდევ ერთი წელი მქონდა კონტრაქტი, მაგრამ ყველაფერი დავტოვე. ბიძინა ივანიშვილმა პარტია შექმნა, დავბრუნდი საქართველოში, შევხვდი მას და ვუთხარი, რომ ამ ომში მასთან ვიქნებოდი. შემდეგ იტალიაში ჩავედი, ვუთხარი მათ, რომ კარიერას ვასრულებდი და სახლში ვბრუნდებოდი. 2012 წელს ჩატარდა არჩევნები, რომელიც მოვიგეთ და დღემდე ისევ ხელისუფლებაში ვართ.

შეიცვალა თუ არა, მერობისას და როგორ შეიცვალა ქალაქი

არა, მე არ შევცვლივარ, როგორიც ვიყავი, იგივე ვარ. თუმცა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან, როდესაც ხარ ქალაქის მერი, სადაც მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ბევრი პრობლემაა, ეს ადვილი არ არის. თუმცა, 2017 წლის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. ჩემი მხრიდან არ იქნება ლამაზი იმაზე საუბარი, თუ რა შეიცვალა ქალაქში.

რატომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში უცხოელი

საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ყველა გიჟდება სტუმარზე. მე, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, მაშინაც ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ ჩვენ ვგავდით იტალიელებს, მეგობრობა, სტუმართმოყვარეობა, ჩვენთვისაც ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ უნდა ჩამოვიდეს უცხოელი საქართველოში? სტუმართმოყვარეობა უკვე ვთქვი, გარდა ამისა, ულამაზესი ქვეყანაა, ზღვა და მთები გვაქვს, შესანიშნავი სამზარეულო და ღვინო, თანაც ყველაფერი ბუნებრივია, ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს.

აპირებს თუ არა, პრეზიდენტობას

არა, არ მაქვს პრეზიდენტობის ამბიცია. მერი ვიქნები 2025 წლამდე და ჯერ კიდევ ბევრი კარგი პროექტი გვაქვს გასაკეთებელი, რასაც ჩემს თანამოქალაქეებს არჩევნებამდე დავპირდი. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ, რომ ჩემი ქალაქისთვის საქმეები კარგად გავაკეთო. ვნახოთ, ახლა ჩემთვის მთავარია 2025 წლამდე ყველა პროექტი გავაკეთო.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

ხვიჩასთან ხშირად ვსაუბრობ, შესანიშნავი ბიჭია, გარდა ამისა, მამამისი ჩემი ახლო მეგობარია. ხვიჩა სანამ „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გააფორმებდა, მეც ველაპარაკე „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას და ვუთხარი, თუ რამდენად ძლიერი იყო ის. შემდეგ მათ დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს, რომ კარგი რჩევები მივეცი. კვარა ქართველების კუმირია იმის გამო, რაც გააკეთა შარშან და რასაც ახლა აკეთებს, ასევე ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ბევრ ბავშვს სურს ფეხბურთელობა და მათთვის ხვიჩა უზარმაზარი სტიმულია. კვარა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, არა მარტო, როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც ადამიანია.

ტრანსფერზე რა რჩევას მისცემდა კვარაცხელიას

არ ვიცი. მინდა, რომ ის ისეთ გუნდში ვიხილო, როგორიც „რეალი“, „ბარსელონაა“. მსურს, რომ მან ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და მხოლოდ ტოპ გუნდში შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მოგება. საბოლოოდ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ვუსურვებ, რომ დიდ გუნდში გადავიდეს და ერთ დღეს ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.

ალბერტო ჯილარდინოს სამწვრთნელო კარიერაზე

ჯილარდინო ნამდვილად კარგად მუშაობს. გუნდი შესანიშნავად ჰყავს მომზადებული და მის გამო მიხარია. ის დიდებული ადამიანია და დიდებული მწვრთნელია ჩვენი ჯილა, ყოჩაღ.

დღევანდელ „მილანზე“

„მილანს“ ჰქონდა პრობლემები, იმედი მაქვს, რომ სეზონს ოთხეულში დაასრულებენ და ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან სკუდეტოს მოგება ამ სეზონში რთული იქნება, რადგან „ინტერს“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს. ამ „მილანისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს, ზაფხულში უნდა შეიძინონ შესაბამისი ფეხბურთელები, არ ვიცი, რა გეგმები აქვს გუნდის ხელმძღვანელობას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ შესაბამისი დონის ფეხბურთელებია საჭირო.

„მილანი“ მალდინის გარეშე და პირიქით

ცოტა უცნაური იყო „მილანიდან“ მალდინის გაშვება, ამას არავინ ელოდა. ვერ ვახერხებ წარმოდგენას „მილანს“ მალდინის გარეშე და მალდინის „მილანის“ გარეშე. ცოტა უცნაური იყო ჩემთვის კლუბის ეს გადაწყვეტილება, თანაც, ის ძალიან კარგად მუშაობდა.

ჩემპიონთა ლიგის 2-ჯერ მოგება უფრო რთულია თუ მერობა

ჩემპიონთა ლიგის მოგება დიდებული ემოცია და შესანიშნავია, რთულია სიტყვებით გადმოსცე ის განცდები, რასაც ამ ლამაზი თასის წამოწევისას გრძნობ. რაც შეეხება მერობას, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, იცი, ლამაზი რა არის? როდესაც გაქვს პროექტი და აკეთებ ამ საქმეებს, პრობლემებს აგვარებ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ხალხი გაფასებს. პოლიტიკაში ადვილი არ არის ხალხს ისე უყვარდე, როცა ფეხბურთელი იყავი, „მილანში“ თამაშობდი, მაგრამ გამიმართლა, რომ დღეს ხალხს, როგორც პოლიტიკოსიც ვუყვარვარ და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115385