კალათბურთი

10:55 | 8.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია მოედანს 15 ქულით დაუბრუნდა | ვირტუსი ოლიმპიაკოსთან ბრძოლაში დამარცხდა

თორნიკე შენგელია მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ მან 10 დღის წინ ფეხი იტკინა და კოჭს მკურნალობდა. ევროლიგის მორიგ შეხვედრაში, რომელიც იტალიურმა ვირტუსმა საბერძნეთში, ოლიმპიაკოსთან გამართა, ქართველი ფორვარდი მოედანს დაუბრუნდა და თავისიანთაგან საუკეთესოც იყო.

საინტერესოა, რომ ბოლონიელები პირველი ტაიმის მერე 9 ქულის სხვაობით (46:37) იგებდნენ, თუმცა, მე-3 მეოთხედში 5:20 განადგურდნენ და დარჩენილ დროში ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს. მატჩი ოლიმპიაკოსის გამარჯვებით – 74:69 დასრულდა.

შენგელია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა, სტუმართა რიგებში ყველაზე მეტი ითამაშა. თორნიკემ მოედანზე 28:13 წუთი გაატარა და 15 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ეს ვირტუსის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, ოლიმპიაკოსის მხრიდან კი იდენტური შედეგი კოსტას პაპანიკოლაუმ დააფიქსირა, რომელმაც 16 ქულას 8 მოხსნა წაამატა.

ვირტუსს 17 მოგების წილ 11 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა კი, მე-3 პოზიციაზე მყოფ ფრანგულ მონაკოსთან ჩამორჩენა მხოლოდ 1 გამარჯვებაა. შენგელიას გუნდს მომდევნო მატჩი 15 მარტს ელის, როდესაც ერთპიროვნულ ლიდერ მადრიდის რეალს (22-6) უმასპინძლებს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111883