დღეს, 6 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურის სამი მატჩი იმართება.
ორი უკვე დასრულდა. „სამტრედიამ“ და ფოთის „კოლხეთმა“ 1:1 ითამაშეს. ქუთაისში კი ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. „ტორპედომ“ „იბერიას“ უმასპინძლა. ეს გუნდები სეზონის ფავორიტებად მიიჩნევიან. ორივემ გაიმარჯვა პირველ ტურში და ამან მათ მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
„იბერიამ“ აშკარად აჯობა ოპონენტს პირველ ტაიმში. დუბლი შეასრულა თბილისელთა ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ (45+3, 49 წთ). შესვენების შემდეგ მასპინძლები გამოცოცხლდნენ, შეუტიეს კიდეც და რამდენჯერმე გაამწვავეს თამაში, მაგრამ ერთ ეპიზოდში კონტრშეტევა გაეპარათ საჯარიმოში მალელი შეიკნე სილა წააქციეს და პენალტი ზუსტად დაარტყა შოთა ნონიკაშვილმა.
ბოლო წუთები კი ძალიან დაძაბული გამოდგა. ქუთაისელებმა ორი ბურთი გაიტანეს (ნიკოლა ნინკოვიჩი, ბიორნ იონსენი), შემდეგ ფეხბურთელებს შორის პატარა შეხლაც მოხდა, მაგრამ „იბერიამ“ მაინც გაიმარჯვა - 2:3.
გიორგი მიქაძის გუნდმა 6 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა.
შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლიც ესწრებოდა.