„კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნეესტრუპმა ჟურნალისტებს „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის მოლოდინი გაუზიარა. შეხვედრა დღეს, 6 მარტს გაიმართება. თამაში თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
„ვიცი, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან გასვლით მატჩი ძალიან რთული იქნება.. თითქმის გამოუვალი მდგომარეობაა. მაგრამ გასულ სეზონში, „სიტისთან“ მატჩში „პარკენზე,“ ჩვენ ვნახეთ, რომ შეიძლება მთლიანად თმობდე თამაშს 35 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ერთმა ეპიზოდმა შეცვალოს მთელი დინამიკა. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ასეთი სიტუაციებით“, - ციტირებს ნეესტრუპის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „კოპენჰაგენს“ ანგარიშით 3:1 მოუგო. ინგლისური კლუბის რიგებში კევინ დე ბრუინმა, ბერნარდო სილვამ და ფილ ფოდენმა გაიტანეს გოლები. მასპინძლებისგან თავი მაგნუს მატსონმა გამოიჩინა.