ფეხბურთი

13:44 | 6.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის თანაგუნდელის „საშინელი ტრავმა“

ესპანეთში მიიჩნევენ, რომ „ვალენსიას“ მცველი მუკტარ დიახაბი მძიმე ტრავმის გამო, მინიმუმ ერთ წელიწადს მაინც გამოტოვებს. თუ ფეხბურთს საერთოდ დაუბრუნდება.

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩი „მესტალიას" სტადიონზე „ვალენსიას" მცველის საშინელმა ტრავმამ დაჩრდილა. შეხვედრის ბოლოს მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი მეტოქეს ფეხზე დაეცა და გადაუგრიხა. ეპიზოდი იმდენად საშინელი იყო, რომ მოედანზე მყოფმა მოთამაშეებმა თავში ხელი წაიშინეს და მზერა აარიდეს.

ცოტა მოგვიანებით გახდა ცნობილი ფეხბურთელის ტრავმის ხასიათი. „ვალენსიას“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ 27 წლის დიახაბის მუხლი ამოვარდნილი აქვს. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი გამოკვლევისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი პროგნოზით, ფეხბურთელს გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

„ბრძოლა ხანგრძლივი იქნება, მაგრამ მზად ვარ ამისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე და კიდევ უფრო გავძლიერდე“, - წერს მცველი სოციალურ ქსელში დიაგნოზის შესწავლის შემდეგ.

დოქტორმა ენრიკე გასტალდიმ, ვალენსიის ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ დიახაბი ვეღარასოდეს შეძლებს ფეხბურთის თამაშს.

„საშინელი ტრავმაა", - ამბობს ექიმი. — დაზიანება შეეხო მუხლის როგორც წინა, ასევე უკანა ჯვარედინ ლიგატებს. ძალიან იშვიათი დაზიანებაა. ეს არის ყველაზე სერიოზული მუხლის ტრავმა, რომელიც ფეხბურთელმა შეიძლება მიიღოს. მას, სავარაუდოდ, ძვლის გადაადგილების მიზეზით ოთხი ან ხუთი ლიგატი აქვს მოწყვეტილი.

ამ ტიპის დაზიანების დროს პაციენტს დიდი ყურადღება სჭირდება, რათა მომავალში ნორმალურად სიარული შეძლოს. ასეთი ტრავმით, არ არის ნათელი რამდენი დრო დასჭირდება აღგენას. მას შეიძლება არა ერთი, არამედ ორი ოპერაცია დასჭირდეს. დიდი ალბათობაა, რომ დიახაბი ვეღარასოდეს ითამაშებს ფეხბურთს“ - დასძენს გასტალდი.

0.150282