საქართველოს თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია. ტურნირის დასკვნით ღონისძიებაში საასპარეზო საგზურები თასის მოქმედმა მფლობელმა თსუ-მ და ბათუმმა მოიპოვეს. ორივე მათგანმა მეოთხედფინალური სერიის მე-2, საპასუხო მატჩები მოიგეს და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ – ხოლო მათი მეტოქეები – შესაბამისად გაუ და ზესტაფონის მარგვეთი ტურნირს გამოეთიშნენ.
5 მარტს გამართული მატჩებიდან ერთში 42-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. თსუ-ს მეოთხედფინალის პირველი მატჩი 4 ქულით ჰქონდა გაუ-სთან წაგებული და ამაზე მეტით გამარჯვება სჭირდებოდა. თავის მხრივ, გაუ-ს უფრო კარგად ჰქონდა საქმე, მაგრამ მატჩი და ამ გუნდის პრობლემები ერთდროულად დაიწყო. მოედანზე რეალურად მხოლოდ 1 გუნდი თამაშობდა – თსუ პირველივე პერიოდში 19 ქულით დაწინაურდა, რითაც ფაქტობრივად სერიის ბედი გაარკვია.
მეორე ათწუთეულში არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ თსუ-მ ამჯერად 17 ქულით იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 36-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მეორე ნახევარი ფორმალობა გამოდგა. გაუ რომ ვერაფერს შეცვლიდა, ყველასთვის ცხადი იყო და ეს არც მომხდარა. საბოლოოდ უნივერსიტეტელებმა დიდი სხვაობით – 103:61 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს და ოთხთა ფინალში გავიდნენ.
თსუ-ში საუკეთესო შედეგი ალექსანდრე ფევაძეს ჰქონდა, რომელმაც 14 ქულა, 16 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. 25 ქულით ბომბარდირი კახა ჯინჭარაძე გახდა, ნიკოლა ვუიოვიჩს კი სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა – 17 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი. 21 ქულა ჰქონდა დუეინ გუდმენს.
თსუ ოთხთა ფინალში ბათუმს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალის მეორე მატჩიც მოუგო მარგვეთს. აჭარულ გუნდს პირველი შეხვედრა 88:81 ჰქონდა მოგებული და საპასუხო მატჩში 7-ქულიან ჰანდიკაპს ფლობდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ბათუმელებმა მეორე შეხვედრა11 ქულით – 90:79 (სტატისტიკა) იმარჯვეს და 2 მატჩის ჯამში დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმეს.
მარგვეთმა როგორც ყველა მეტოქეს, ბათუმსაც ბრძოლა მისცა, მაგრამ როგორც უმეტეს შემთხვევაში, მუხტი ბოლომდე არ ეყო. პირველი ნახევარი ზესტაფონელებმა მოიგეს, მესამე პერიოდში ანგარიში გათანაბრდა, ხოლო ბოლო მეოთხედში მასპინძელმა ბათუმელებმა მეტოქეს აჯობეს და საბოლოოდ იმარჯვეს კიდეც.
აჭარულ გუნდს ამერიკელმა მარკის უილსონმა ულიდერა, რომელმაც 14 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა დააგროვა. ლუკა კალატოზიშვილმა შეხვედრა 16 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. 15 ქულა ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე დაგროვდა. მარგვეთში 21 ქულით ბომბარდირი მაიკლ მეისი გახდა, მარტის ჯექსონმა შეხვედრა 10 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა.
თასის გათამაშების ოთხთა ფინალის კიდევ 2 მონაწილე ოთხშაბათს, 6 მარტს გაირკვევა. ქუთაისი, რომელსაც სერიაში 6-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს, ტყიბულის ორბს უმასპინძლებს. გურჯაანსაც 6-ქულიანი უპირატესობა აქვს გორის ივერიონთან, რომელსაც სერიის საპასუხო მატჩში თბილისში უმასპინძლებს.
ოთხთა ფინალი 9 და 10 აპრილს გაიმართება. 1 ნახევარფინალური წყვილი უკვე ცნობილია: თსუ – ბათუმი. მეორე ნახევარფინალში მეოთხედფინალურ წყვილებში გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან.
gbf.ge