ფეხბურთი

23:55 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ბელინგემი კაკას ჰგავს, მაგრამ 20 წლის წინ ფეხბურთი სხვანაირი იყო"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლაიფციგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან ისაუბრა ჯუდ ბელინგემზე, მომავალ მატჩზე და ასევე „ვალენსიასთან“ შეხვედრაზე.

„ვეთანხმები კოსტაკურტას, რაღაც კაკასი აქვს. ჩემი აზრით, მათ შორის ბევრი განსხვავება არ არის. კაკას შემდეგ ფეხბურთელი შეიცვალა და მათ შორის, იმ ფეხბურთელების თვისებებიც, რომლებიც ამ პოზიციაზე თამაშობენ. ახლა მოედნის ამ ზონაში სათამაშოდ მეტი ფიზიკაა საჭირო, ვიდრე 20 წლის წინ, ადრე ნიჭს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ძალას. თანამედროვე ფეხბურთის ფეხბურთელი შეიცვალა, მხოლოდ ერთი პოზიციის სპეციალისტი არ არის, ბევრი რამის გაკეთება უნდა შეეძლოს.

ვიცით, რომ „ლაიფციგი“ სახიფათოა, მაგრამ მზად ვართ ჩვენი საუკეთესო მხარე ვაჩვენოთ. ძირითად შემადგენლობაზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. ნაჩომ შეიძლება პირველივე წუთიდან ითამაშოს. ჩემი მომავალი? მომწონს ჩემი საქმე და კიდევ უფრო მომწონს „რეალში“ მუშაობა. მწვრთნელისთვის „რეალი“ საუკეთესო კლუბია.

არ მინდა იმაზე საუბარი, რაც „მესტალიაზე“ მოხდა, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ბელინგემი იმედგაცრუებული იყო, მაგრამ შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მსაჯებმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე უნდა ისაუბრონ? არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგი იდეაა. არ ვიცი, რა არის ამ შემთხვევაში კარგი და რა ცუდი, ეს სხვა ადამიანების გადასაწყვეტია.

დიახაბისთან ყველანი ახლოს ვართ. ვისაუბრეთ მასთან და ძალიან ვწუხვართ, რაც მოხდა. სამწუხაროდ, ტრავმები საკმაოდ ხშირია, მაგრამ მჯერა, რომ მალე გამოჯანმრთელდება და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ლაიფციგის“ მატჩი 6 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.116173