ფეხბურთი

21:52 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე: "საქართველოს ნაკრების დასახმარებლად ნებისმიერ მომენტში მზად ვარ"

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ „იბერია 1999“-თან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ნებისმიერ მომენტში მზადაა საქართველოს ნაკრებს დაეხმაროს, მაგრამ გამოძახება მისი გადასაწყვეტი არაა:

"პირადად მე გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ. მნიშვნელობა არ აქვს რა იწერებოდა ზამთარში - მე დღეს ტორპედოს ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები“, - თქვა არაბიძემ.

პრესკონფერენციაზე იყო სტივ კინიც, რომელიც მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრას შეეხო.

სტივ კინი: "იბერიას თამაში შევისწავლეთ. კარგი გუნდია, აგრესიულ პრესინგს თამაშობენ, ამიტომ ჩვენს წინააღმდეგ აგრესიულ თამაშს ველით. სრულად გვაქვს გააზრებული რა სირთულის მატჩი გვექნება. სამტრედიასთან ჩვენი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინეთ, არ მომეწონა მატჩის ტემპი. ამაზე ვიმუშავეთ და უკეთესის მოლოდინში ვარ. მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც მოედანზე გავლენ. გულშემატკივრის მხარდაჭერა ხვალ ძალიან დაგვჭირდება. მჯერა, ჩვენს საგულშემატკივროდ ბევრი მოვა“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძეს საქართველოს ნაკრებში 4 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, ბოლოს 2017 წელს ითამაშა ეროვნული ნაკრების მაისურით.

0.114478