ფეხბურთი

1:54 | 4.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას გოლი და "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" დრამატულ მატჩში აჯობა

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა.

როგორც შარშან, ახლაც კვარამ ტურინულ გრანდს საშინაო მოედანზე გაუტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანეს მოგებაში დაეხმარა.

„იუვენტუსი“ უფრო ახლოს იყო ანგარიშის გახსნასთან, მაგრამ დუშან ვლაჰოვიჩმა ჯერ ახლო მანძილიდან თავით ოდნავ ააცილა, მერე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ძელს გაარტყა. შემდეგ იყო სამუელ ილინგ-ჟუნიორის კარგი მომენტი, მაგრამ მანაც არაზუსტად დაარტყა.

„ნაპოლიმ“ კი პირველივე შანსი გამოიყენა: 42-ე წუთზე ხვიჩამ ბრუნში ულამაზესი გოლი შეაგდო - 1:0. ტურინელებს გათანაბრება 1 წუთში შეეძლოთ, მაგრამ ვლაჰოვიჩმა ერთი-ერთზე ისევ ააცილა.

მეორე ნახევარიც ტურინელების რეალური მომენტით დაიწყო, როცა ანდრეა კამბიაზოს მართებდა გატანა, მაგრამ ხელსაყრელი ვითარებიდან ისიც არაზუსტად გაისარჯა. მერე თამაშს „ნაპოლი“ აკონტროლებდა, თუმცა 81-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ დიდებულად ითამაშა და ალექს მერეტს შორეულ კუთხეში გაუტანა - 1:1.

ამით არაფერი დასრულებულა: 88-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თვითონვე შეასრულა, ვოიცეხ შჩესნიმ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ჯაკომო რასპადორი დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს მაინც შეეძლო ქულის მოპოვება, რადგან დანიელე რუგანიმ 3 მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა 92-ე წუთზე - 2:1.

„ნაპოლიმ“ სერია A-ში ისტორიაში პირველად მოახერხა საკუთარ მოედანზე „იუვენტუსის“ ზედიზედ 5-ჯერ დამარცხება. გარდა ამისა, სექტემბრის შემდეგ მიჯრით ორი მატჩი პირველად მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „იუვენტუსს“ საწყის ორ საშინაო მატჩში გოლი გაუტანა მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994-1995 წლების სეზონიდან).

„ნაპოლიმ“ „43 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 8 მარტს, „ტორინოს“ უმასპინძლებს. „იუვენტუსი“ 57 ქულით მეორე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ „მილანს“ მხოლოდ ქულით უსწრებს.

„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 კვარაცხელია (42), 1:1 კიეზა (81), 2:1 რასპადორი (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124857