რაგბი

14:50 | 1.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელო’ გალიდერდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფს 4 ტურის თავს სათავეში ‘ლელო’ ჩაუდგა. ჩემპიონმა ელიტაში ყველა შეხვედრა მოიგო, 18 ქულას მოუყარა თავი და ყოფილ ლიდერ ‘აიას’ 2 ქულით გაუსწრო. ისიც აღსანიშნავია, რომ პაატა მაისურაძის ბიჭები პირველობაზე ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად დარჩნენ. ‘აკადემიამ’ მესამე პოზიცია გაიმყარა და ‘აიას’ 2 ქულით ჩამორჩება.

‘წიქარამ’ მეოთხე ადგილზე აინაცვლა და მდევარ ‘ბათუმს’ 2 ქულით უსწრებს. პირველმა გამარჯვებამ ‘არმიას’ მე-6 პოზიციაზე ანაცვლების შესაძლებლობა მისცა. „არმიელებმა“ ცხრილის ბოლოსწინა საფეხურზე დაქვეითებულ ‘ხარებს’ 1 ქულით გაუსწრეს. ‘ტაომ’ ნავსი გატეხა და ელიტაში პირველი სამატჩო ქულები აიღო, თუმცა ყველა შეხვედრაში მარცხგანცდილი მესხები ჯგუფის აუტსაიდერად რჩებიან.

‘ლელო’-‘აიას’ ტურის და სრულიად პირველობის საკულტო შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. მატჩის დებიუტში რიონისპირელები მგეზავ დუტა დაშნიანის გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ. ‘ლელომ’ სისწრაფეს უმატა და შეხვედრასაც შესვენებამდე სრულად აკონტროლებდა. მარბიელმა გიორგი ბერძენიშვილიმა და მხტომელმა ნიკოლოზ ჯინჭარაძემ ქუთათურებს 2 ლელო დაუდეს, ფულბეკმა ირაკლი ჯიჯელავამ 1 გარდასახვა გამოიყენა და ჩემპიონი შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა, სადაც მეტი ხერი რიონისპირელებმა ჰპოვეს. ჩემპიონი შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდა, რამაც ‘ლელო’ პირველი ტაიმის მონაგარის ამარა დატოვა. ‘აიას’ მხრიდან კი კი ჯერ დაშნიანმა ჯარიმა გაიტანა, მატჩის ბოლო წუთზე კი რიონისპირელთა მიძალება სტუმართა მღლეტელმა კაპიტანმა კახა კაპანაძემ ლელოთი დააგვირგვინა. ‘აიას’ ჰავბეკ ბექა ცქიფურიშვილს მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა და დრამატულ ბრძოლაში გამარჯვება ‘ლელოს’ დარჩა, ‘აია’ კი ნუგეშს დაჯერდა – 12:11.

„რაგბი ჭალაში“ ტურის 2 შეხვედრა გაიმართა. ჯერ ‘წიქარამ’ აუტსაიდერ ‘ტაოსთან’ შეხვედრაში გაილაღა. რეზო ქოქოლაძის შეგირდებმა მესხებს 15 ლელო გაუტანეს. ‘წიქარას’ წარმატებას სათავე შუამარბ ლუკა ბახტაძის დადებულმა ლელომ დაუდო. ბახტაძის მსგავსად, ‘წიქარას’ ფრთა დავით ქავთარაძემ და მღლეტელმა კაპიტანმა გიორგი ტაბიძემ „დუბლი“ შეასრულეს. მატჩის ბოლო წუთზე კი მარბიელი კაპიტნის გოგა ძინძიბაძის გატანილმა ლელომ მესხები „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან იხსნა – 89:7.

აქვე, „რაგბი ჭალაში“, ‘არმია’-‘ხარების’ შეხვედრაში დაძაბული მხოლოდ პირველი ტაიმი გამოდგა. ქვემო ქართლელთა შუამარბმა ცოტნე გოგოლაძემ „დუბლი“ შეასრულა და თავისი პირველი გატანილი ლელოთი ‘ხარები’ ერთი ხანობა დააწინაურა კიდეც, თუმცა „არმიელთა“ ფულბეკმა გიორგი ფილიპიამ დადებული ლელო თავად გარდასახა, რასაც გატანილი ჯარიმაც დაურთო და საკუთარ გუნდი შესვენების წინ 3 ქულით დააწინაურა. მეორე ტაიმი კი ‘არმიას’ სრული უპირატესობით წარიმართა. „არმიელებმა“ 5 ლელოს გატანა მოახერხეს და მატჩიც პრემიალური ქულის თანხლებით მოიგეს. ‘არმიას’ დამაჯერებელი გამარჯვება მარქაფადან ჩართული მარბიელის რობერტ სებისკვერაძის დადებულმა ლელომ დააფიქსირა – 41:14.

მე-4 ტურის დასკვნით შეხვედრას აჭარის დედაქალაქმა უმასპინძლა. ‘ბათუმი’ ცხრილში მეზობლად მყოფ ‘აკადემიას’ დაუპირისპირდა. მატჩში წარმატებული გუნდი ლიდერთა სამეულში მკვიდრდებოდა. მართალია, მგეზავ მათე მახარაძის გატანილი ჯარიმით ‘ბათუმი’ დაწინაურდა, თუმცა პირველი ტაიმის დარჩენილი ნაწილი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. შუამარბ არჩილ ენუქიძის, კვაჭ სანდრო გამყრელიძისა და მხტომელ ანდრია ბილანიშვილის გარდაუსახავი ლელოთა წყალობით „მხატვრები“ შესვენებაზე 12 ქულიანი სხვაობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში კი მეტოქეებმა მხოლოდ თითო ლელო გაიტანეს, თუმცა ნიკა ჩიტალაძის ბიჭებმა გარდასახვაც გამოიყენეს და ანგარიშში უპირატესობა გატანილი ჯარიმითაც გაიმყარეს. ლელოს დადება ჯერ მარქაფადან ჩართულმა ბათუმელთა მხტომელმა საბა ვარშანიძემ მოახერხა, რაც აჭარელთათვის „ოქროს“ ჯგუფში გატანილი პირველი ლელო გახლავთ. მატჩის დასკვნით მონაკვეთში კი ასევე შეცვლაზე შესული ფრთა ივა კვირიაშვილის გატანილი ლელოთი ‘აკადემიამ’ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და თან ბონუს-ქულაც ირგუნა – 25:8.

RUGBY.GE

0.151126