„იუვენტუსის“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ 4-წლიან დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს. ის არ ეთანხმება ანტიდოპინგური ტრიბუნალის გადაწყვეტილებას და ამის შესახებ წერილი გაავრცელა.
„დღეს გამაცნეს ეროვნული ანტიდოპინგური ტრიბუნალის გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ განაჩენი არასწორია.
დამწუხრებული, შოკირებული და გულგატეხილი ვარ, რომ ყველაფერი, რაც პროფესიულ კარიერაში ავაშენე, წამართვეს. როდესაც გავთავისუფლდები სამართლებრივი შეზღუდვებისგან, სრული ამბავი ნათელი გახდება, მაგრამ არასოდეს მიმიღია შეგნებულად ან განზრახ რაიმე დანამატი, რომელიც ანტიდოპინგურ რეგულაციას არღვევს.
როგორც პროფესიონალი სპორტსმენი, არასდროს არაფერს გავაკეთებდი, რათა გამეუმჯობესებინა ჩემი სათამაშო დონე აკრძალული ნივთიერებების გამოყენებით და არასდროს გამომიჩინენია უპატივცემულობა ან მიცდია მოტყუება ჩემი კოლეგების, თანაგუნდელების თუ მეტოქეების. დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გავასაჩივრებ“, - დაწერა პოგბამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ „იუვენტუსში“ 190 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 41 საგოლე პასი გააკეთა (2012-2016, 2022-2023), ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედში“ 226 შეხვედრაში 39 გოლი მიითვალა. საფრანგეთის ნაკრების მაისურით მან 91 თამაშში თავი 11-ჯერ გამოიჩინა და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.