„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „რომასთან“ მატჩის (2:3) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საბა საზონოვზეც გააკეთა კომენტარი.
როგორც მან თქვა, პენალტზე დაშვებული შეცდომის გარდა, საბამ კარგად ითამაშა და ახალგაზრდულ ასაკში შეცდომების დაშვება ნორმალურია.
„ძალიან ახალგაზრდა ბიჭია, ამ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, კარგად ითამაშა. დღეს ბევრი ახალგაზრდა გვყავდა მოედანზე, მათ შემთხვევაში ასეა, უნდა გაიარონ გულუბრყვილო შეცდომების პერიოდი. თუმცა, მთლიანობაში მისი თამაში ორივე თავდამსხმელის წინააღმდეგ მომეწონა“, - აღნიშნა იურიჩმა.
საზონოვი „რომასთან“ მატჩში მატეო ლოვატოს ნაცვლად მე-14 წუთზე ჩაერთო, ხოლო 42-ე წუთზე სერდარ აზმუნის წინააღმდეგ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი დაინიშნა.
საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში მეცხრედ ითამაშა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო. „ტორინო“ 36 ქულით მეათეა და მომდევნო ტურში 2 მარტს, „ფიორენტინას“ ეთამაშება.