რაგბი

15:31 | 26.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონული ლიგა | ამერში ‘წიქარა’, იმერში კი ‘ფენიქსი’ ლიდერობს

რეგიონული ლიგის პირველობაზე, დასავლეთში შეჯიბრება მე-7 ტურით განახლდა, აღმოსავლეთში კი მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყო, რომლის ზედა ხუთეული 1 წრედ ასპარეზობს და ზონიდან პლეი ოფის 2 ვაკანტური მონაწილის ვინაობასაც გაარკვევს. პლეი ოფში დასავლეთიდანაც 2 საუკეთესო გუნდი მოხვდება.

აღმოსავლეთის ზედა ხუთეული

ამერში უკვე 2 ტურის შეხვედრები გაიმართა და ლიდერობა ‘წიქარამ’ შეინარჩუნა. აღნიშნულ პერიოდში ‘რუსთავმა’ 2 მატჩი გამართა, ‘წიქარამ’ კი რეგლამენტით მონაწილეობა 1 შეხვედრაში მიიღო. ამის მიუხედავად, მაქსიმალური შედეგით, 50 ქულის მქონე ‘წიქარა’ ცხრილის სათავეში რჩება და მდევარ ‘რუსთავს’ 1 ქულით უსწრებს. მართალია, ქვემო ქართლელებმა ორივე მატჩი მოიგეს, თუმცა 1 შეხვედრაში დაგეგმილი პრემიალური ქულის გარეშე იმარჯვეს.

მესამე ადგილზე მყოფი ‘პატარძეული’ კი რუსთაველებს 10 ქულით ჩამორჩება და პლეი ოფში მოსახვედრად გარე კახელებს დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალური შედეგის მიღწევა მართებთ. ‘პატარძეულს’ პირველი სერიოზული გამოცდის ჩაბარება მორიგ ტურში, ‘რუსთავთან’ საშინაო შეხვედრაში მოუწევს. ზედა ხუთეულის კიდევ 2 მონაწილეს, ‘სოხუმსა’ და თელავის ‘ჭადარს’ კი პლეი ოფში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ქონდათ დაკარგული.

უდანაკარგოდ მოასპარეზე ‘წიქარა’, თელავში ‘ჭადარს’ ესტუმრა და კახელებს 12 ლელო დაუდო. პაატა რიკაძის ერთბაშად ორმა შეგირდმა: ფრთა ლუკა ბურდულმა და მარბიელმა კაპიტანმა ფრიდონ ვეშაგურმა „პოკერი“ შეასრულეს. ‘ჭადარი’ ბოლომდე იბრძოდა და 3 გატანილი ლელოთი (ფრთა გიგა აივაზაშვილი -„დუბლი“) ანგარიშში სხვაობის მცირედით შემცირება მოახერხა. ‘წიქარამ’ მატჩი დაგეგმილი პრემიალური ქულით მოიგო – 81:17.

‘წიქარას’ მდევარი ‘რუსთავი“ ჯერ მშობლიურ „ხარები არენაზე“ ‘ჭადარს’ დაუპირისპირდა. ქვემო ქართლელებმა 4 უპასუხო ლელოთი პირველი ტაიმი 24:0 მოიგეს. მასპინძელთა წარმატებას სათავე ბურჯ ნიკოლოზ ფუნთუშაშვილის გატანილმა ლელომ დაუდო. მეორე ნახევარში ‘ჭადარი’ გააქტიურდა და 3 ლელოს დადებაც მოახერხა (ფულბეკი ალექსანდრე აშუღაშვილი „დუბლი“). ‘რუსთავმა’ კი მონაგარს 2 ლელო წაუმატა და მატჩი დაგეგმილი ბონუსით – 38:19 მოიგო. ქვემო ქართლელთა მარბიელმა ანდრო ღარიბაშვილმა „დუბლი“ შეასრულა და მასპინძლები მეორე ტაიმში ბონუს-ქულის ზონაში სწორედ ღარიბაშვილის გატანილი მეორე ლელოთი დაბრუნდნენ.

‘რუსთავმა’ მორიგი ტურის შეხვედრა დედაქალაქში, ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე ‘სოხუმის’ წინააღმდეგ გამართა და პირველი ტაიმი 5 ქულის სხვაობით დათმო. მეორე ნახევარში ძმები აქუბარდიების შეგირდები დაცვაში საიმედოდ ირჯებოდნენ, მასპინძლებს სამატჩო ქულები აღარ ააღებინეს, საკუთრივ კი 2 გარდაუსახავი ლელოთი რთული გამარჯვება მოიპოვეს. ანგარიშში თანაფარდობა ქვემო ქართლელთა მხტომელ მიშო ქუფარაშვილის გატანილი ლელოთი აღდგა. შეხვედრის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე კი რუსთაველთა კაპიტანმა ლადო მიმინოშვილმა ‘სოხუმს’ ხაზი ეფექტურად გაუჭრა და დროული გადაცემით ვეტერან ფულბეკ რამაზ ხარაზიშვილს გამარჯვების მომტანი ლელო დაადებინა – 20:15.

ქვემო ქართლელებთან დაპირისპირებამდე, ‘სოხუმი’ ლიდერთა მდევარ ‘პატარძეულს’ გარე კახეთში ესტუმრა. პატარძეულელთა რიგებში არაერთი გამოცდილი, ელიტას გამოვლილი მორაგბე ასპარეზობს, რომელთა მხრიდან სტუმრებს ლელო მარბიელმა ვეფხია უსტიაშვილმა, შუამარბმა მურაზ გიორგაძემ, ჰავბეკმა შაქრო სუხაშვილმა, ფულბეკმა დათო სუხაშვილმა და შუამარბმა კაპიტანმა გიორგი ჭინჭარაძემ დაუდეს. ამის მიუხედავად, ‘სოხუმი’ გარე კახელებს შეუპოვრად ბოლომდე ებრძოდა, მთლიანობაში 3 ლელო გაიტანა და მატჩის მიწურულს მარქაფადან ჩართული შუამარბის გიორგი მარგიანის დადებული ლელოთი ‘პატარძეულს’ პრემიალური ქულა არ ააღებინა – 36:17.

დასავლეთის ჯგუფი

დასავლეთში, ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე ლიდერობას სამტრედიის ‘ფენიქსი’ ინარჩუნებს. „მტრედებმა“ 25 ქულა დააგროვეს და ლიდერობა განიმტკიცეს. იმერლებს 4 ქულით მეორე ადგილზე ანაცვლებული ფოთის ‘კოლხი რაინდები’ ჩამორჩება. კოლხებმა 1 ქულით ჩოხატაურის ‘ჯანს’ გადაასწრეს. პლეი ოფში მოხვედრის გარკვეული შანსი 15 ქულის მქონე და მეოთხე პოზიციაზე მყოფ ვანის ‘აიეტსაც’ რჩება. მორიგ ტურში ვანელები ლიდერ ‘ფენიქსს’ სამტრედიაში დაუპირისპირდებიან. კოლხები კი ზღვისპირულ დერბიში ‘მეკობრეებს’ „პარკი არენაზე“ უმასპინძლებენ.

‘ფენიქსი’, აჭარის დედაქალაქში ‘მეკობრეებს’ ესტუმრა და დაგეგმილი ბონუსით იოლად მოიგო. მართალია, მატჩის დებიუტში მასპინძლები მგეზავ ვიტალი კირინის გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში იმერლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, რაც 12 დადებულ ლელოში ასახეს. ‘ფენიქსის’ ახალწვეულმა ფიჯელმა შუამარბმა ჯორჯ მბოსემ მატჩის საწყისი 2 ლელო გაიტანა და შეხვედრა „ჰეთ-თრიკის“ თანხლებით ჩაამთავრა. აჭარელთა მხრიდან კი პრესტიჟის ლელოს გატანა მეორე ტაიმში მარბიელმა შოთა ცეცხლაძემ მოახერხა – 76:8.

ტურის გამორჩეული შეხვედრა ჩოხატაურში გაიმართა, სადაც ცხრილში მეზობლად მყოფი ადგილობრივი ‘ჯანი’ და ფოთის ‘კოლხი რაინდები’ დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ მეტოქეებმა პირველობის განახლებამდე რამდენიმე ფიჯელი და სამხრეთ აფრიკელი მორაგბე დაიმატეს და განვლილ შეხვედრაში ორივე გუნდში სწორედ ლეგიონერები გამოირჩნენ. მატჩის პირველ ნახევარში კოლხები უკეთ გამოიყურებოდნენ და 4 ლელოს გატანაც შეძლეს. ფოთელთა შუამარბმა სიბუბელელე მბანამ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო მგეზავმა ბლეიქ დიდერიკსმა კი ოთხივე გარდასახვა გამოიყენა.

მეორე ტაიმის დიდი ნაწილი გურულების უპირატესობით წარიმართა. ‘ჯანმა’ ბოლო წუთამდე მეტოქეს სამატჩო ქულები აღარ ააღებინა, საკუთრივ კი მთლიანობაში 3 ლელოს გატანა მოახერხა. ჰავბეკ ამინიასი ნატონგას დადებული ლელოთი გურულებმა ბოლო წუთებზე ანგარიშში ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. დარჩელი დროში ‘კოლხი რაინდებმა’ თავი კარგად დაიცვა და დიდერიკსის გატანილმა ჯარიმამ ფოთელთა რთული გამარჯვება დააფიქსირა – 31:24.

ვანის ‘აიეტმა’, „ბეჟან ხურციძეზე“ ზუგდიდის რაგბის კლუბს ტაიმებში 4-4 უპასუხო ლელო დაუდო და უქულოდ მყოფი აუტსაიდერი „მშრალი“ ანგარიშით – 46:0 დაამარცხა. ‘აიეტის’ რიგებში ფრთა რატი მეფარიშვილი გამოირჩა, ვინაც პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა.

RUGBY.GE

0.10386