ფეხბურთი

2:16 | 26.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურიას მადრიდში დახვდნენ: "რეალმა" "სევილიას" მოდრიჩის გოლით აჯობა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „სევილია“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„რეალს“ უპირატესობის მიუხედავად ანდალუსიელთა წინააღმდეგ დიდი ხანი არაფერი გამოსდიოდა, სანამ მოედანზე ლუკა მოდრიჩი არ გამოჩნდა. უბერებელმა ხორვატმა 81-ე წუთზე თამაშში ჩართვიდან 6 წუთში ჩვეულ სტილში, ულამაზესი გოლით თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

თუმცა, ამ შეხვედრაში მთავარი მოვლენა მატჩამდე მოხდა: თამაში სიმბოლურად ილია თოფურიამ დაიწყო, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუს“ საჩემპიონო ქამარი წარუდგინა და გულშემატკივრები დიდი ოვაციებით დახვდნენ.

მას ორივე გუნდის ფეხბურთელებიც თბილად მიესალმნენ, მათ შორის, სერხიო რამოსიც. რამოსი, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2020 წლის შემდეგ პირველად ითამაშა. მასაც დახვდნენ აპლოდისმენტებით, თუმცა არც ისე გრანდიოზულად, როგორც ეს მაინც მოსალოდნელი იყო.

„რეალი“ 65 ქულით ლიდერია და „ბარსელონას“ 8 ქულით უსწრებს, 2 მარტს კი, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.

0.082567