ფეხბურთი

20:05 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

3 თვე სტუმრად მოგების გარეშე: "ნაპოლიმ" აუტსაიდერიც ვერ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ გასავარდნ ზონაში მყოფ „კალიარის“ ესტუმრა და ისევ ვერ მოიგო.

კვლავ შეცვალეს ხვიჩა კვარაცხელია, კვლავ გაიტანა ვიქტორ ოსიმენმა, მაგრამ ფრანჩესკო კალცონას გუნდმა საშინლად ითამაშა და მოსაგებად ძალიან ცოტა გააკეთა.

პირველ ტაიმში „ნაპოლი“ მცირე თამაშგარემ გადაარჩინა, როდესაც ამირ რაჰმანის გოლი გაუქმდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას კარგი ჩაწოდების შემდეგ ოსიმენმა თავით დაარტყა, მაგრამ მეკარემ ადვილად აჯობა. ეს ერთადერთი მომენტი იყო, რომელიც ხვიჩას დღევანდელი თამაშიდან გაგვახსენდება.

65-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ მცველს ბურთი წაართვა, ჩააწოდა და ოსიმენმა თავით ანგარიში გახსნა. ნიგერიელი ორთვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა „ნაპოლის“ და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. „ნაპოლიმ“ მაინც ვერ მოიგო, რადგან მსაჯის კომპენსირებული ბოლო წუთი იწურებოდა, როცა ზიტო ლუვუმბომ ანგარიში გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალეს, ის მოწყენილი დაჯდა სათადარიგო სკამზე, მაგრამ ამჯერად არავიზე გაბრაზებულა, ალბათ გარდა საკუთარი თავისა, რადგან ვერ აჩვენა კარგი თამაში. მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში 6 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში.

„ნაპოლის“ გასვლაზე 3 თვეა თამაში არ მოუგია, მას მერე, რაც 25 ნოემბერს „ატალანტა“ დაამარცხა. მას მერე 7 საგარეო მატჩში 2 ფრეს გამორჩა და 5-ჯერ წააგო. ამ შვიდ მატჩში კი, გოლი მხოლოდ ორ შეხვედრაში გაიტანა.

„ნაპოლი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩი 28 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოსთან“ ელოდება.

„კალიარი“ – „ნაპოლი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ოსიმენი (65), 1:1 ლუვუმბო (90)

0.144008