რაგბი

11:04 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 22:40 ხვამლი

თბილისის ‘ხვამლმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ 40:22 დაამარცხა და უშუალო კონკურენტის ძლევით, ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მიუხედავად იმისა, რომ ნომინალური მასპინძელი ‘ყაზბეგი’ იყო, თამაში „ხვამლი არენაზე“ გაიმართა და მუხიანელები დროის უმეტესი წილი დომინირებდნენ. სადებიუტო 15 წუთში ნიკა ცინცაძემ 4 ცდიდან სამი ჯარიმა გაიტანა, რაზეც ‘ყაზბეგმა’ დავით მოძღვრიშვილის ზუსტი დარტყმით უპასუხა. ამის ფონზე სტეფანწმინდელებმა მე-19 წუთზე შეხვედრის პირველი ლელო გაიტანეს – მოლი გიგა კაციტაძის 5 ქულით დასრულდა, მოძღვრიშვილმა კი გარდასახვით საკუთარი გუნდი დააწინაურა.

‘ხვამლმა’ ლიდერობა 31-ე წუთზე დაიბრუნა. კარის წინ 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ, მათ თამაში ააჩქარეს, ზვიად ორმოცაძემ ცრუმოძრაობის შემდეგ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა. 35-ე წუთზე მათ დერეფნის შემდეგ გაითამაშეს კარგი კომბინაცია და მიხეილ თაყაიშვილის შებრუნებული პასის შემდეგ ლელო გიორგი ჯობავამ მიითვალა. ცინცაძემ ორივე გარდასახა – 10:23.

თამაში რომ განახლდა ‘ხვამლმა’ ხელდახელ კარგი შეტევა განახორციელა, საბა ინალიშვილმა ოვალი ფეხით ლელოში გადაკიდა და გიორგი ჯობავამ დუბლი მიითვალა, ცინცაძემ კი გარდასახა. ტაიმის შუაში სწრაფი კონტრშეტევა ‘ყაზბეგის’ ლამაზი ლელოთი დასრულდა. ლუკა ალიბეგაშვილმა მარცხენა ფრთაზე რამდენიმე მბოჭავს აუარა გვერდი და ინდივიდუალური ლელო გაიტანა.

ასეთ ფონზე ცინცაძემ აღარ გარისკა, მით უმეტეს, რომ 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი თაყაიშვილმა მიიღო და 68-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა. ამის შემდეგ ‘ხვამლმა’ სინბინით კიდევ ორი მორაგბე – საბა კურტანიძე და საბა ინალიშვილი დაკარგა და დარჩენილი დრო 13 კაცის ამარა ჩაატარა.

მაგრამ ‘ყაზბეგმა’ ამით ვერ ისარგებლა და ლისალა ნასეგემ თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა. სტეფანწმინდელებმა ბოლო წუთზე რეზი მარგალიტაძის ლელოთი უპასუხეს, რითაც საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 22:40. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ჯობავა გახდა.

‘ხვამლს’ ამ მოგების შემდეგ 40 ქულა მოუგროვდა და მე-4 ადგილზეა. ‘ყაზბეგი’ 31 ქულით მე-8 პოზიციაზე რჩება და ჯერ კიდევ ინარჩუნებს ექვსეულში შესვლის შანსს.

RUGBY.GE

0.113035