ფეხბურთი

16:21 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ოთხ-ხუთნაირ დე ლაურენტისს ვიცნობ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Gazzetta Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა.

სპალეტი არ გამორიცხავს ნაკრებში ტაქტიკის შეცვლას და ამბობს, რომ ევრო 2024-ზე მოსაგებად ითამაშებენ. ლუჩანომ აღნიშნა, რომ იტალიის ნაკრების შემდეგ სავარაუდოდ კარიერას დაასრულებს. მან ფეხბურთელებს ნაკრებში Playstation-ის თამაშიც აუკრძალა და ასევე ირონიული კომენტარი გააკეთა აურელიო დე ლაურენტისზე.

„ეს ჩემი კარიერის ყველაზე მაღალი მომენტია. მე ძალიან მშვიდი და კარგი ადამიანი ვარ, მიუხედავად წარსულის ეპიზოდებისა, რამაც ზოგს სხვანაირად აფიქრებინა. რა თქმა უნდა, ასაკმაც გამოასწორა ჩემი ხასიათი ზოგიერთი კუთხით, მაგრამ პროფესიულ სფეროში ყოველთვის ძალიან კორექტული ვიყავი. ზოგჯერ იძულებული ვიყავი ისე მოვქცეულიყავი, რაც არ მოსწონდა გულშემატკივარს და საზოგადოებას, მათ ვინც, გარედან მსჯელობდა, მაგრამ გასახდელში ჩემი ქცევა ყოველთვის სწორი და აუცილებელი იყო შედეგების მისაღწევად.

მინდა, ევროპის ჩემპიონატზე ძლიერი ნაკრები გამოვიყვანო, არაფრით ვკმაყოფილდები. მინდა, ევროპის ჩემპიონატის მოგება, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის და ამის მერე კარიერას დავასრულებ. გერმანიაში გამარჯვებისთვის მივდივართ და არა მონაწილეობისთვის, ჩვენი ისტორია ამას მოითხოვს. ამისთვის მჭირდება, რომ მოთამაშეები გაუმჯობესდნენ, უკეთესები გახდნენ, ვიდრე ახლა არიან.

ვიცი, რომ ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ დონეზე ვიყოთ. გამარჯვება შეუძლებელია იმ მოთამაშეებით, რომლებიც კარგად მხოლოდ 20 წუთი თამაშობენ, არამედ საჭიროა 90 წუთის განმავლობაში კარგად თამაში, საჭიროა სათადარიგო სკამზე მყოფი ფეხბურთელების წვლილიც და მათიც, ვინც განაცხადში ვერ მოხვდებიან.

ნებისმიერ შემთხვევაში მზად უნდა ვიყო ალტერნატიული ვარიანტებისთვის. მინდა, ვცადო 3-4-2-1 ტაქტიკური სქემა, რათა ზოგიერთმა მოთამაშემ მოედანზე თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს, ამასთანავე შევინარჩუნოთ შემტევი მიდრეკილება, ისე, რომ უკან დაბრუნება ყოველთვის 5 მცველით არ მოგვიწიოს.

ბონჯორნო ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ბელანოვას ნიჭი ბუნებრივად აქვს, კალაფიორი უკვე მზადაა, ფაბიანი სიურპრიზია. ასევე გვყავს კამბიაზო, ბალდანცი, ლუკა, კარნეზეკი, დი გრეგორიო, პროვედელი. შეიძლება განაცხადში ახალი სახეები იყვნენ. საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატზე 23 ფეხბურთელი წავა, მაგრამ წინასწარ 4-6 ფეხბურთელით მეტს გამოვიძახებ.

დღევანდელ „ბოლონიაში“ ბევრ რამეს ვხედავ ჩემი „ნაპოლიდან“, ისინი ევროპულ ფეხბურთს თამაშობენ. „ატალანტა“ სიურპრიზი აღარ არის, მოწიფული და მყარი გუნდია, თანაც კუპმაინერსი ჰყავთ.

„მილანი“ ალბათ ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობს სამი იტალიური გრანდიდან და მისი მატჩები ყოველთვის განსხვავებულია, ამიტომ, "მილანის" მატჩებს ყოველთვის ვუყურებ. მათ იციან, როგორ გააკეთონ ყველაფერი, პიოლი ყოველთვის ახერხებს მოედანზე კონკურენტუნარიანი გუნდის მაღალ დონეზე გაყვანას.

ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, როცა დე როსიმ თქვა, რომ ის „სპალეტის შვილია“. მადლობას ვუხდი მას. მან მწვრთნელის რანგშიც შეინარჩუნა კაპიტნის ქარიზმა, ის არის ლიდერი, რომელიც გუნდს უძღვნის თავს. მან „რომაში“ მენტალიტეტი და თამაში შეცვალა, რაც ასე მოკლე დროში ადვილი არ იყო.

„მილანი“ – „ნაპოლის“ მატჩს დავესწარი. ერთი ბავშვი, რომელიც „ნაპოლის“ ფანი იყო, ჩემგან 7-8 მეტრის დაშორებით იდგა და დამიწყო ყურება. მამამისმა უფლება რომ მისცა, ჩემკენ გამოიქცა, ფეხებზე შემომეხვია და ტიროდა. ხელში რომ ავიყვანე, ისევ ტიროდა. თუ ამას კითხულობს ვინმე, ვინც მას იცნობს, ვეტყვი, რომ მომცენ მამას ტელეფონის ნომერი, ნამდვილად მინდა კიდევ ერთხელ დაველაპარაკო იმ ბავშვს, რომელიც გულში ჩამრჩა.

დე ლაურენტისმა ჩემზე ისაუბრა? რომელმა დე ლაურენტისმა? 4-5 დე ლაურენტისი ვიცი, შვილებს არ ვგულისხმობ. ვიცნობ მადლიერ, მელანქოლიურ, გაბრაზებულ, ფარულ დე ლაურენტისს... ვუსურვებ მას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გასვლას, რაც უზარმაზარ შემოსავალს იძლევა, ამაში ჩემი წვლილიც იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელები Playstation-ს სახლში დატოვებენ. მობილურები დასაშვები იქნება, მაგრამ არა გასახდელში ან მასაჟის მაგიდაზე. მინდა, ჯანსაღი და მარტივი ატმოსფერო გვქონდეს. თანამედროვეობაში Playstation-ს დილის 4 საათამდე თამაშობენ, მაშინ, როცა მეორე დღეს მატჩია, გამოდის, რომ ეს თანამედროვეობა კარგი არ არის.

ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც მცირედით აფასებს შრომისმოყვარეობას. დღევანდელ თაობას ურჩევნია ინსტაგრამზე ფოტოების განთავსება, ვიდრე თავის დახრა და შრომა. ეს არ არის ღირებულებები, რომელიც მინდა ჩემს იტალიას ჰქონდეს. ნაკრებში უნდა მოვიდეთ ღიმილიანი თვალებით, ფეთქებადი გულით და მგლებს უნდა ვგავდეთ, რათა თანაგუნდელებს წინ ვუბიძგოთ და უკან არავინ დავტოვოთ”, - თქვა სპალეტიმ.

0.111631