თბილისის ‘ლელო სარასენსმა’ ოზურგეთის ‘არწივებს’ 12 ლელო გაუტანა, 84:17 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
15 თამაშის შემდეგ დიდ დიღმელებს 58 ქულა აქვთ და სანამ ‘აია’ ‘ბათუმთან’ მე-15 ტურის თამაშს გამართავს, მას 8 ქულით უსწრებს.
„ლელო არენაზე“ მასპინძლები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და პირველ ტაიმში 30-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ჯაბა სიხარულიძემ, გიორგი მარგალიტაძემ, ვაჟა მიქაძემ და დემურ თაფლაძემ ლელოები გაიტანეს. ერთი ლელო საჯარიმო იყო, ვაჟა მიქაძემ კი ორი გარდასახვის გარდა, ორი ჯარიმაც გაიტანა. ‘არწივებმა’ კოტე გაზაშვილის ლელოთი და ბახვა კობახიძის გარდასახვით უპასუხეს – 37:7.
მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო გაიხსნა და მაყურებელმა ლამაზი ლელოები იხილა. ‘ლელოს’ მხრიდან თავი სანდრო მამამთავრიშვილმა, შალვა აფციაურმა, ლუკა ცირეკიძემ (2), გიორგი ჩიქოვანმა, ნიკა ბაბუნაშვილმა და ლუკა სახელაშვილმა გამოიჩინეს. მიქაძემ ორი, ცირეკიძემ სამი, ხოლო სახელაშვილმა ერთი გარდასახვა შეასრულა.
‘არწივებმა’ გიგი გიგინეიშვილის და გიორგი სირაძის ლელოებით უპასუხეს. განსაკუთრებით ლამაზი აფციაურის და გიგინეიშვილის ლელოები აღმოჩნდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა სახელაშვილი გახდა. ოზურგეთელებს 16 ქულა დარჩათ, მე-9 ადგილზე არიან და პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან გადათამაშებისთვის მოემზადებიან.
RUGBY.GE