კალათბურთი

20:50 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯიკიჩი: "დანია ძალიან მოტივირებულია და მძიმე თამაშს ველოდებით"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა დანიის ნაკრებთან მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქე ძალიან მოტივირებულია და მძიმე თამაშს ელოდება.

„ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დანიასთან მატჩით ვიწყებთ. ძალიან მძიმე თამაშს ველოდებით ფიზიკური და მოტივირებული გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სურს და ამისთვის იმ ფაქტის გამოყენებას აპირებენ, რომ ისინი ფინელებმა თავიანთ ჯგუფში აირჩიეს.

ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. ბოლო რამდენიმე დღეა გუნდი სრული შემადგენლობით ვართ. ჩვენს საუკეთესო კალათბურთს ნამდვილად ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს თამაში დადებითი შედეგისთვის საკმარისი იქნება.

ნამდვილად მჯერა, რომ გუნდი მომავალში უკეთ ითამაშებს, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ, მას შემდეგ, რაც ბიჭები მიხვდებიან როგორ შემიძლია დავეხმარო მათ, რომ საკუთარი თავის მაქსიმუმი აჩვენონ. ამის შემდეგ ეს ფაქტორები უნდა გავაერთიანოთ - ის, რაც შეიძლება ინდივიდუალურად კარგი იყოს, გუნდისთვის დადებითს არ იყოს და პირიქით. თუ რაიმე გუნდისთვისაა სასარგებლო, შეიძლება ინდივიდუალურად კარგი არ იყოს. თუმცა, მჯერა, რომ ისინი გაიაზრებენ, თუ რას ნიშნავს გუნდის ერთიანობა და მზად იქნებიან თავი გაწირონ ერთმანეთისთვის“, - თქვა ჯიკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს, სტუმრად დანიას შეხვდება, ხოლო 26 თებერვალს, შინ სერბეთს დაუპირისპირდება.

0.112533