„ბარსელონასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია შეცვლის გამო გაბრაზდა და პროტესტი გამოხატა. ნეაპოლურ მედიაში ამაზე დიდი მსჯელობა მიდის და უამრავმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი, როგორც ჟურნალისტებმა, ასევე მწვრთნელებმა.
ნაწილი ფიქრობს, რომ კვარა საკუთარ თავზე გაბრაზდა, თუმცა, ნაწილი ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი ქართველი ფეხბურთელის მიმართ.
მარკო პიკარი: „კვარაცხელია ყურის აწევას ისახურებს. გუშინ მან კატასტროფულად ითამაშა, შეიძლება 4 ქულაც კი ზედმეტი იყო მისი შეფასებისთვის. ამ სეზონში ყველაზე საშინელი თამაში გვაჩვენა და ცვლილების შემდეგ თავს პროტესტის უფლებაც მისცა. კვარა სპალეტის მუშაობის ემბლემაა, საუბარია კარგ ფეხბურთელზე, რომელიც სპალეტიმ გააძლიერა და შექმნა“.
ჯანკარლო პადოვანი: „კვარამ ნამდვილად ცუდად ითამაშა. მშვიდად უნდა იყოს და მაქსიმუმ საკუთარ თავზე გაბრაზდეს, სხვა არავიზე. გარსია კარგად იქცეოდა, როცა მას ზოგჯერ ცვლიდა და კალცონაც სწორად მოიქცა. არ გამიკვირდება, თუ „კალიარისთან“ სათადარიგო სკამზე იქნება და მის ნაცვლად ლინდსტრომი ითამაშებს“.
ანტონიო კორბო: „ეს რეაქცია მიუღებელია, მაგრამ კლუბზეცაა დამოკიდებული: როდესაც კლუბებს აქვთ გარკვეული სახის სიმკაცრე, სტილი და ორგანიზებულობა, ეს არ ხდება, რადგან არსებობს გარკვეული გზები ფეხბურთელების დასასჯელად“.
ლუკა მარკეტი: „კვარაცხელიას ჟესტი შეიძლება თანაგუნდელების უპატივცემულობაც იყო. კვარა კარგად ვერ თამაშობდა, ახლა მწვრთნელთან ასეთი დამოკიდებულებები კარგი არ არის“.
ფრანჩესკო მოდუნო: „ბიჭმაც კარგა ხანია იცის, რომ ისე ვერ თამაშობს, როგორც შეუძლია. ის ძალიან თავმოყვარე და კრიტიკულია, ხანდახან ბრაზდება, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ. ეს ძლიერი ხასიათის ნიშანია. რეალურად ხვიჩა სხვა დონის ფეხბურთელია, ვიდრე გუშინ ვნახეთ“.
სტეფანო რასტელი: „მისი ჟესტი უფრო საკუთარ თავზე იყო მიმართული, ვიდრე სხვების მიმართ. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც სურს 90 წუთი თამაში და კარგად იცის, რომ გუშინ კარგად ვერ ითამაშა, თავის პოტენციალზე დაბლა, რაც მეტოქის მეურვეობის და კარგი თამაშის დამსახურებად იყო“.
ალესანდრო რენიკა: „კვარაცხელიას შეცვლა არ მომეწონა, ალბათ უფრო პოლიტანო უნდა შეეცვალა. ქართველი იმ ფეხბურთელებში შედის, რომელიც ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 25 თებერვალს, სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდება.