ფეხბურთი

3:29 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "კვარაცხელიას შეცვლა? სახელები არ მაინტერესებს, მოედანზე მათ ვტოვებ, ვინც კარგად თამაშობს"

„ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ბარსელონასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის მოედანზე ფეხბურთელებს არა მათი სახელების, არამედ თამაშის მიხედვით ტოვებს.

„კვარას თამაში არ იყო ფანტასტიკური, მაგრამ ნორმალურია, რომ ფეხბურთელს ზოგჯერ ცუდი საღამო ჰქონდეს. კვარა თავს დადებს და იმუშავებს. ტაქტიკურად მას ცუდად არ უთამაშია, ოდნავ გაუჭირდა მეტოქის მოტყუების ასპექტში, მაგრამ ტაქტიკურად ცუდი არ იყო, მე საკმაოდ კმაყოფილი ვარ“, - თქვა პრესკონფერენციაზე იტალიელმა მწვრთნელმა.

კალცონას კვარაცხელიას შეცვლასა და მის რეაქციაზე Sky Sport-ის ეთერში ინტერვიუს დროსაც ჰკითხეს, სადაც ასეთი პასუხი ჰქონდა:

„მოედანზე ვინარჩუნებ მოთამაშეებს, რომლებიც კარგად თამაშობენ და არა სახელებს. მაგალითად, პოლიტანომ დიდებულად ითამაშა, შესაბამისად, სახელის მიუხედავად, ისინი, ვინც კარგად თამაშობენ, მოედანზე რჩებიან, ვინც ვერ თამაშობს - არა. ბევრი კარგი თავდამსხმელი მყავს, სიმეონე და სხვები, მათ ძალიან კარგად ითამაშეს, თუმცა კვარა ტოპფეხბურთელია და ძალიან დაგვეხმარება“.

თამაშის შესახებ კი კალცონამ თქვა: „კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდმა აჩვენა, რომ არ სურდა დანებება და ამ რთული მომენტიდან გამოსვლის სურვილი. გავათანაბრეთ და მოგებაც შეგვეძლო, კმაყოფილი ვარ. შანსი 50-50%-ზეა? გვინდა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ, ბარსელონაში თამაში ადვილი არასდროსაა, მაგრამ გვინდა გაუმჯოებესება, რადგან საპასუხო მატჩამდე რამდენიმე კვირა გვაქვს. ფეხბურთელებს მივულოცე და შევაქე, ორ დღეში სასწაულის მოხდენა არ შემეძლო“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ შორის საპასუხო მატჩი 12 მარტს გაიმართება. „აძური“ უახლოეს მატჩს 25 თებერვალს, სტუმრად „კალიარისთან“ გამართავს.

0.114901