„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა.
ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელის რანგში ფრანჩესკო კალცონას დებიუტი შედგა, მაგრამ მისმა გუნდმა კარგად ნამდვილად ვერ ითამაშა. „ბარსა“ პირველ ტაიმში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა, რისთვისაც ტაიმი უგოლოდ დასრულდა. იტალიელებს კი პირველ ნახევარში კარისკენ დარტყმის მცდელობაც არ ჰქონიათ.
მეორე ნახევრის სტარტზეც არ შეცვლილა მოედანზე ვითარება: ჩავის გუნდი უფრო აქტიურობდა და შედეგსაც მიაღწია, რადგან მე-60 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა. თამაშის სცენარიდან გამომდინარე თითქოს „ბარსას“ საქმე გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ ამ გუნდის დაცვაშიც დიდი პრობლემებია, რაც გამოჩნდა.
68-ე წუთზე კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა, რომელსაც ნამდვილად არ ჰქონია გამორჩეული თამაში და ქართველი შეცვლამ გააბრაზა. „ნაპოლიმ“ მალევე გაათანაბრა, როდესაც ვიქტორ ოსიმენმა საჯარიმოში იბრძოლა - 1:1. ეს იყო მასპინძელთა პირველი და ერთადერთი ზუსტი დარტყმა კარში. ისე კი, მატჩის ბოლოს „ნაპოლი“ უკეთესი იყო და შეეძლო გამარჯვების გოლის გატანაც, მაგრამ მეორე მხრივ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ილქაი გიუნდოგანის დარტყმაც მცირედით ასცდა კარს.
საბოლოოდ, ფრე 1:1 და ცხადია, ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება. იქამდე 3 კვირაა და შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. საპასუხო შეხვედრა ბარსელონაში 12 მარტს გაიმართება, ხოლო „ნაპოლი“ უახლოეს შეხვედრას 25 თებერვალს, სტუმრად „კალიარისთან“ ჩაატარებს.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი აქვს აქტივში, ამ ტურნირზე გოლი კი, ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში გაიტანა. ყველა ტურნირზე კვარას 32 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერაც საგოლე პასი გააკეთა.
დღესვე „პორტუმ“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, რომელიც გალენოს მიერ ბოლო წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით 1:0 დაამარცხა, რაც მინი სენსაციაც იყო.
„ნაპოლი“ – „ბარსელონა“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (60), 1:1 ოსიმენი (75)
„პორტუ“ – „არსენალი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 გალენო (90)