ფეხბურთი

0:26 | 21.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "ნაპოლი" ძლიერი გუნდია, "ბარსელონასთან" მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ"

„ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, დრო აღარ აქვთ და მხოლოდ ფაქტებია საჭირო, არა საუბარი.

კალცონა „ბარსასთან“ ფრეზე თანახმა არაა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა.

„დღეიდან ახალი გზა იწყება, აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს იდენტობა მივცე. გუნდმა თავიდანვე მაგრძნობინა, რომ ჩემს განკარგულებაში არიან, ცოტა ვისაუბრეთ, რადგან ამ მომენტში სიტყვები საჭირო არაა, მხოლოდ ფაქტები გვჭირდება. ცოტა დრო გვაქვს და პროცესი უნდა დავაჩქაროთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ საბაბი აღარ გვაქვს, სიტუაცია სწრაფად უნდა გამოვასწოროთ.

„ნაპოლის“ საოცარი გულშემატკივრები ჰყავს, რომლებიც უნდა გავახაროთ, რათა ჩვენით იამაყონ. ოსიმენმა ივარჯიშა მთელი სესია, ხვალ შევაფასებთ მის მდგომარეობა.

„ბარსელონას“ დიდი ფეხბურთელები და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, მაგრამ „ნაპოლი“ ვართ და არავის უნდა გვეშინოდეს. ძალიან მძიმე თამაში გველოდება, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტია ყველა თამაშის მოსაგებად ვიბრძოლოთ.

მე სამ დიდებულ მწვრთნელთან ვიმუშავე, სარისთან, სპალეტისთან და დი ფრანჩესკოსთან, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ყველამ მასწავლეს ფუნდამენტური კონცეფციები. „ნაპოლი“ ძლიერი გუნდია, რაღაც მექანიზმები უნდა ვიპოვოთ, მაგრამ გუნდი ძლიერია და ეს იმედს მაძლევს. პრეზიდენტ დე ლაურენტისს ჩემზე წნეხი არ მოუხდენია, თავაზიანი და მშვიდი იყო.

ფრეზე თანახმა თუ არა? არა, აბსოლუტურად არა. მატჩამდე ფრეზე თანახმა არასდროს ვიქნები, ჩვენ „ნაპოლი“ ვართ და მოგებისთვის თამაში გვინდა. თუ „ბარსელონა“ იყოჩაღებს და თამაში ფრედ დასრულდება, ქედს მოვიხრით, მაგრამ ვიმეორებ: ეს გუნდი ძლიერია და გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.12914