ძიუდო

13:55 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უმედლო დღე ბაქოს გრანდ სლემზე

ბაქოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის წარუმატებელი გამოდგა და მედლისთვის 7 ძიუდოისტიდან ვერავინ იბრძოლა.

73 კგ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძემ დომინიკელი ანტონიო ტორნალი და ფილიპინელი კეისეი ნაკანო დაამარცხა, მაგრამ შემდეგ მასპინძელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან განიცადა მარცხი და უმედლოდ დარჩა. ამავე წონაში მიხეილ ბახბახაშვილი პირველივე ბრძოლაში დამარცხდა ტაჯიკ აბუბაკრ შეროვთან.

81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილმა დომინიკელი მედიკსონ დელ ორბე და კანადელი ფრანსუა დრაპო დაამარცხა, მაგრამ აზერბაიჯანელ ომარ რაჯაბლისთან წააგო და ისიც გამოეთიშა ასპარეზობას. ამავე წონაში გამოდიოდა კოტე კაპანაძე, რომელიც ესპანელ ალფონსო სოლანასთან ვერაფერს გახდა და მედლისთვის ვეღარ იბრძოლა.

ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში რეჯინა უთნელიშვილი გერმანელ აგატა შმიდტთან დამარცხდა. 70 კგ წონით კატეგორიაში ნინო გულბანმა დანიელ ლარკე ოსლენს აჯობა, მაგრამ შემდეგ ისრაელის წარმომადგენელ მაია გოშენთან განიცადა მარცხი. ამავე წონაში პირველივე წრეში წააგო მარიამ ჭანტურიამ პოლონელი ელიზა ვრობლევსკას წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს აქტივში ამ დროისთვის 1 ბრინჯაოს მედალია, რომელიც ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

0.114693