რაგბი

21:40 | 15.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე!

უმცროსი ბორჯღალოსნები მარტის ბოლოს იტალიის ქალაქ პარმაში გაემგზავრებიან და 8-გუნდიან 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, უელსს, შოტლანდიას და იტალიას, საქართველოს გარდა პორტუგალია დაემატება და თითოეულ მათგანს 3-3 თამაშის გამართვა მოუწევს. ფესტივალი 30 მარტს საქართველოსა და შოტლანდიის მატჩით იხსნება; 3 აპრილს საფრანგეთს ვეთამაშებით; 7 აპრილს კი ინგლისს ვერკინებით.

მსოფლიო რაგბისა და ექვსი ერის ეს გადაწყვეტილება იმ პროგრესის გამოხმაურებაა, რომელსაც ქართული რაგბი ბოლო წლებში განიცდის, მათ შორის ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე – უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2018 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვეს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტული (2020 წელს ის კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა).

„მოხარულები ვართ იმ შესაძლებლობის, რომელსაც ჩვენი 18-წლამდელები ექვსი ერის ფესტივალში მონაწილეობით მიიღებენ. 18-წლამდე მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა, რომლებიც ახალგაზრდა, ნიჭიერ მორაგბეებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ, ეს მიწვევა საქმისადმი ერთგულებით დაიმსახურეს. მადლობლები ვართ ექვსი ერის ჩვენს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეს მიწვევა დავიმსახურეთ, შეგვიძლია ამ დონეზე თამაში და ექვსი ერის მუდმივი ნაწილი გავხდებით“.

„მთელს მსოფლიოში საუბრობენ განვითარებად სარაგბო ქვეყნებზე, ისეთებზე, როგორიც საქართველოა და ჩვენ გვჭირდება საუკეთესოებთან კონკურენცია, რათა კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ. ჩვენთვის მომდევნო ნაბიჯი იქნება რაც შეიძლება მალე მივცეთ ასეთი შესაძლებლობა 20-წლამდელთა ნაკრებს. ბოლო წლებში წამყვანი სარაგბო ქვეყნების 20-წლამდელთა გუნდების დამარცხებით, მათ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ ტოლ-სწორად თამაში და მათ ეს შანსი დაიმსახურეს“ – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ, სქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

2012-2015 წლებში საქართველო 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებში ექვსი ერის გუნდებთან ერთად თამაშობდა და 2015 წელს ფინალშიც გავიდა, თუმცა მას შემდეგ ტურნირი საფრანგეთის გარდა ყველა მონაწილემ დატოვა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატიდან ისიც გავიდა, ახლა კი საქართველო ელიტას უბრუნდება.

ჩვენი გუნდი 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის მზადებას 19 თებერვალს ქუთაისში იწყებს, პარმაში გამგზავრებამდე კი ლიონში ჩავა და ‘ლიონის’ 18-წლამდელთა გუნდთან 26 მარტს გასახურებელ თამაშს გამართავს.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი

პარმა. იტალია

30 მარტი

საქართველო – შოტლანდია

იტალია – პორტუგალია

ირლანდია – საფრანგეთი

ინგლისი – უელსი

3 აპრილი

უელსი – პორტუგალია

შოტლანდია – ინგლისი

საქართველო – საფრანგეთი

იტალია – ირლანდია

7 აპრილი

პორტუგალია – ირლანდია

საფრანგეთი – უელსი

ინგლისი – საქართველო

შოტლანდია – იტალია

RUGBY.GE

0.119313