რაგბი

22:18 | 10.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები | ბონუსით ნიდერლანდებთან

რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით გამართულ პირველ საშინაო მატჩში ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს 5 ლელო გაუტანეს და ბონუსით, 31:10 დაამარცხეს.

ეს იყო რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა. საქართველომ გასულ კვირაში გერმანიასთან 28:17 მოგების შემდეგ, ხარისხობრივად უკეთესი რაგბი ითამაშა, თუმცა ის სასურველისგან მაინც შორს იყო, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს.

კოკერილი სულ მეორე კვირაა გუნდს ავარჯიშებს. მსოფლიო თასის შემდეგ შემადგენლობაში მრავლადაა ცვლილებები და ბორჯღალოსნებს აშკარად აკლიათ შეთამაშება. ამასთან, ნიდერლანდებს აშკარად მომატებული აქვს, რაც პირველ ტურში ესპანეთთანაც (18:20) გამოჩნდა და შედეგად, მეტოქეს ისტორიაში ყველაზე მცირე სხვაობით ვძლიეთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გამარჯვება ეჭვქვეშ ერთხელაც არ დამდგარა.

სასიხარულოა, რომ თამაშის დღეს თბილისში მზიანი დარი იყო და 3500-იანი „ავჭალის“ ტრიბუნებიც პირთამდე შეივსო, რამაც განსაკუთრებული, სასიამოვნო ატმოსფერო შექმნა.

დალაგება გაგვიჭირდა

პირველ ტაიმში მასპინძლებს თამაშის დალაგება გაუჭირდათ, რაც ჩვენს შეცდომებთან ერთად, მეტოქის ორგანიზებული დაცვის დამსახურებაც იყო. ნიდერლანდები სწრაფად აწყობდა ხაზს და ცდილობდა ქართველი მორაგბეები წნეხში მოექცია, რასაც დებიუტში ჯარიმები მოყვა და დავიდ ვირსმა მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა.

ბორჯღალოსნებს ფაზების აკინძვა და უპირატესობის შექმნა უჭირდათ, თუმცა 23-ე წუთზე შეხვედრის პირველი ლელო მაინც გავიდა. 5-მეტრიან წყვეტილთან მოგებულ დერეფანს მოლი მოყვა და მეტოქის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ის მიხეილ ბაბუნაშვილის ლელოთი დასრულდა. ეს მისი პირველი ლელო იყო ბორჯღალოსნების კვართით.

ნელ-ნელა საქართველო ინიციატივას დაეუფლა, სტუმრები საკუთარ 22-ს მიაჯაჭვა და 31-ე წუთზე მეორე ლელოც გავიდა. ნიდერლანდებმა ლელოში ბურთის ჩახურვის შემდეგ თამაში თავისუფალი დარტყმით განაახლა, ბურთი სწრაფად ჩავათამაშეთ მარჯვენა ფრთაზე, მერაბ შარიქაძის პასის შემდეგ აკა ტაბუცაძე მცველთან ერთი-ერთზე დარჩა, მას სისწრაფეში გვერდი აუარა და 31-ე სანაკრებო ლელო გაიტანა. ლუკა მატკავამ ორივე გარდასახა და ტაიმი 14:3 დასრულდა.

კვესელაძის წყვილი ლელო

მეორე ტაიმის პირვესავე წუთზე თორნიკე ჯალაღონიამ კარის წინ გაჭრა ხაზი, ბოლო მცველი აიყვანა და ძელებსშუა გიორგი კვესელაძე შეუშვა. ხაზი კიდევ უფრო გააქტიურდა და პირველ ჯერზე სანდრო თოდუას შეტევას ლელო არ მოყვა, 57-ე წუთზე კი კვესელაძემ უპირატესობა გაზარდა. შეტევა თოდუამ მარცხენა ფრთაზე წამოიწყო, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, ტაბუცაძე 5-მეტრიანთან შეაჩერეს, თუმცა რაქთან კვესელაძე გაჩნდა, სწრაფად შეუტია და ლელო გაიტანა.

64-ე წუთზე საქართველომ დერეფნიდან მოლით შეუტია და ილია სპანდერაშვილმა გუნდის მეხუთე ლელო გაიტანა, რითაც ბორჯღალოსნებს ბონუსიც დაუბევა. დასკვნით 10 წუთში სტუმრებმა შეძლეს ბურთზე კონტროლის დამყარება და მსაჯმა ჯერ გიორგი ჯავახია, მერე დემე თაფლაძე გაასინბინა. ნიდერლანდებმა ამით ისარგებლა, ბოლო წუთზე მოლი დააყენა და რუმინელმა რეფერიმ ალექსანდრუ იონესკუმ მისი ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოთი დაგვსაჯა – 31:10.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კვესელაძე გახდა. ნიდერლანდებთან შეცვლაზე შევიდა და თავისი პირველი კეპი მოიხვეჭა მეორეხაზელმა გურამ ღანიაშვილმა (302-ე ბორჯღალოსანი). 101-ე შეხვედრა ჩაატარა და ნამატჩევს გულშემატკივრისგან სპეციალური მუზარადი გადაეცა კაპიტან მერაბ შარიქაძეს, რომელიც მე-7 ქართველი ცენტურიონია.

მატჩის შემდეგ

„100 თამაში ნაკრებში სიმბოლური რიცხვია და ცენტურიონობას სასიხარულო ემოციები ახლავს. ყველაზე მეტად ის სიყვარული მახარებს, რასაც თანაგუნდელებისა და გულშემატკივრებისგან ვგრძნობ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“ – განაცხადა ნამატჩევს შარიქაძემ.

შედეგით კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი:

„საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. შევეცადეთ ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციები მოედანზე გადაგვეტანა. ტრიბუნაზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო და ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს“.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი. ჯგუფი. მეორე ტური

10 თებერვალი. თბილისი. ავჭალა. 4 ათასი მაყურებელი

საქართველონიდერლანდები 31:10 (14:3)

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

5 ლელო: ბაბუნაშვილი, ტაბუცაძე, კვესელაძე (2), სპანდერაშვილი

3 გარდასახვა: მატკავა

rugby.ge

0.134435