რაგბი

22:10 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი მორაგბეები ქუთაისში სტუმრობით კმაყოფილნი არიან

გრძელდება კიევური ,,დარნიცას“ ჭაბუკ მორაგბეთა ტურნე ქუთაისში. უკრაინელები იმერეთში 11 ნოემბერს ჩამოფრინდნენ. დელეგაციაში სულ 43 წევრია. მორაგბეების ჯგუფი სამი ასაკობრივი 1999, 2000-2001 და 2004-2005 წლებში დაბადებული ჭაბუკებითაა დაკომპლექტებული. სტუმრებმა პირველ დღეს დაისვენეს, გუშინ კი სამი მატჩი გამართეს. პირველ შეხვედრაში ისინი 15-წლამდელთა გუნდით ქუთაისის რაგბის სკოლის თანატოლებს (მწვრთნელები რამაზ სვანაძე და ალეკო ნიქაბაძე) შეხვდნენ. თამაში მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 73:21 დასრულდა. მეორე მატჩში 2000-2001 წელს დაბადებული ჭაბუკებით უკრაინელებმა - 21:14 იმარჯვეს. საღამოს მესამე შეხვედრაში უმცროსებმა იასპარეზეს და ქუთაისელ თანატოლებთან ფრედ - 10:10 დაამთავრეს.

დღეს ,,აიას“ ახალ სარაგბო მოედანზე ასპარეზობის მეორე სამატჩო დღე შედგა. სტუმართა 15-წლამდელთა გუნდს ქუთაისის რაგბის სკოლის (მწვრთნელი ზურაბ ზვიადაძე) ერთი წლით უმცროსი ჭაბუკები დაუპირისპირდნენ. პირველ ტაიმში მასპინძლემა იმარჯვეს, მაგრამ მატჩის ბოლოსთვის ასაკით უფროსს უკრაინელებს მეტი ძალა აღმოაჩნდათ და შეხვედრაც თავიანთ სასარგებლოდ - 35:28 დაასრულეს.

მატჩის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორს, დასავლეთ საქართველოს რაგბის კავშირის კოორდინატორს, იოსებ დიაკონიძეს და ,,დარნიცას“ პრეზიდენტს ანდრეი კოვალენკოს გავესაუბრეთ:

იოსებ დიაკონიძე: ,,საქართველოს რაგბის კავშირის და ქუთაისის სარაგბო სკოლის ძალისხმევით, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო სარაგბო კლუბი კიევის ,,დარნიცა“ მოვიწვიეთ. აღნიშნული სტუმრობა უკრაინული რაგბისადმი თანადგომითაა გამოწვეული. ვცდილობთ კარგი მასპინძლობა გავუწიოთ. ხვალ დასვენების დღე აქვთ. ექსკურსიაზე წავიყვანთ, ბაგრატს, გელათს და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებს დავათვალიერებინებთ. 15 ნოემბერს ქუთაისელი და უკრაინელი ჭაბუკები საჩხერეში დასავლეთ საქართველოს რაგბის საბავშვო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. 16 ნოემბერს ტურის დასკვნით დღეს, ვეტერანი რაგბისტის რამაზ სვანაძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ანალოგიური ფესტივალი ქუთაისში ,,აიას“ სტადიონზე გაიმართება. უკრაინელი ჭაბუკები საქართველოში 18 ნოემბრამდე დარჩებიან“.

ანდრეი კოვალენკო: ,,კიევის ,,დარნიცა“ უკრაინის ჩემპიონია. გვინდოდა ჩვენი ძალები უფრო ძლიერ მეტოქესთან ჭიდილში მოგვესინჯა. მოწვევა სიამოვნებით მივიღეთ. ძალიან კარგ პირობებში ვართ. სტადიონი იდეალურ მდგომარეობაშია. ბიჭები დიდ გამოცდილებას მიიღებენ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“.

0.199581