რაგბი

16:29 | 5.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 18:23 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ გორში 23:18 სძლია და „სარბიელის სინი“ გადაიბარა. ის ‘ლელოს’, ‘ბათუმისა’ და ‘ყაზბეგის’ შემდეგ მეოთხე გუნდია, რომელმაც ეს საპატიო ჯილდო ჩაიბარა.

გორში გამართული მატჩი მე-13 ტურში ერთ-ერთი ცენტრალური იყო, რადგან მასში ერთმანეთს საფლეიოფო ექვეულში მოსახვედრად მებრძოლი გუნდები ხვდებოდნენ. ამ მოგების შემდეგ ‘ხარებს’ 35 ქულა მოუგროვდა, მე-4 ადგილზეა და ‘ბათუმს’ 5 ქულით ჩამორჩება. ‘ყაზბეგს’ თავდადებული ბრძოლა ნუგეშ-ქულად დაუფასდა, ჯამში 26 აქვს, მე-8 ადგილზეა და მეექვსეზე მყოფ ‘ხვამლს’ 5 ქულა აშორებს.

თამაში ქარის ფონზე რუსთაველების შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ანგარიში გიორგი პეტრიაშვილმა ჯარიმით გახსნა. ‘ყაზბეგმა’ ზურგქარის დახმარებით მელევე შეძლო მეტოქის ნახევარზე გადასვლა და დავით მოძღვრიშვილმა საპასუხო ჯარიმა გაიტანა, მე-13 წუთზე კი გუგუა ხულელიძემ მიხეილ ახობაძეს ხაზი გააჭრევინა, მან ბოლო მცველი აიყვანა და ძელებსშუა ლევან ქუშაშვილი შეუშვა.

მოძღვრიშვილს გარდასახვის შემდეგ ჯარიმით შეეძლო უპირატესობის გაზრდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. ამის შემდეგ ინიციატივა კვლავ სტუმრების მხარეს გადავიდა. ‘ყაზბეგი’ თავგანწირული დაცვით 100%-იან ლელოს რამდენჯერმე გადაურჩა, თუმცა ტაიმის ბოლოს დისციპლინამ დააღალატა. ორი წუთის ინტერვალში მათ სინბინით მოძღვრიშვილი და გიგა კაციტაძე დაკარგეს.

2-კაციანი უპირატესობით ‘ხარებმა’ კარგად ისარგებლა და შესვენებამდე გაგა არაბულის ლელოთი და პეტრიაშვილის გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ლელო გიორგი ბასილაიამ მიითვალა და პეტრიაშვილი გარდასახვისას არც ამჯერად შეცდა. ჯერ კიდევ 14-კაციანმა ‘ყაზბეგმა’ 49-ე წუთზე ნიკა ბაგაშვილის ლელოთი უპასუხა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო.

პეტრიაშვილმა მეორე ნახევრის შუაში სტუმართა უპირატესობა ორი ჯარიმით 8 ქულამდე გაზარდა. ‘ყაზბეგმა’ ბოლომდე იბრძოლა, ლევან ნარიმანიძის სინბინის შემდეგ მოძღვრიშვილმა ჯარიმით სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 18:23. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხარების’ შუამარბი სანდრო სვანიძე გახდა.

RUGBY.GE

0.11119