პირველი ლიგის ჩემპიონატმა განახლებისთანავე ლიდერი იცვალა. ‘ტაოს’ სეზონში მეორე მარცხს, ‘დინოზავრის’ მიჯრით 2 გამარჯვება მოჰყვა, რამაც ზაზა ჩირგაძის ბიჭები სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია. იმერლებმა 53 ქულა დააგროვეს და მესხებს 3 ქულით გადაასწრეს.
‘ტაო’ მესამე ადგილზე მყოფ ‘გორს’ 7 ქულით უსწრებს. შიდა ქართლელებს მოწინავე კვარტეტში მყოფი ‘არმია’ 8 ქულით ჩამორჩება. „არმიელები“ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ 2 ქულით აღემატებიან. სეზონში მე-7 განცდილი მარცხის მიუხედავად, ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი ‘ლოკომოტივი’ პლეი ოფის ზონაში ადგილს მყარად ინარჩუნებს.
ჭიათურის ‘მათემ’ პლეი აუტის ზონას თავი დააღწია, მე-7 პოზიციაზე აინაცვლა და თეთრი წყაროს ‘იუნკერებს’ 1 ქულით გადაასწრო. ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე, პლეი აუტის ზონაში მარნეულის ‘არმაზი’ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლელებთან ჩამორჩენა აუტსაიდერმა ‘ბაგრატმა’ 1 ქულამდე შეამცირა.
ზამთრის მინი-არდადეგების შემდეგ პირველი ლიგის ჩემპიონატი ‘ბაგრატი’-‘დინოზავრის’ გადათამაშებით განახლდა. იმერულ დერბის „აია არენამ“ უმასპინძლა. პირველი წრის შეწყვეტილი მატჩისგან განსხვავებით, ამჯერზე უკეთ ‘დინოზავრი’ ირჯებოდა და უპირატესობას თავიდანვე ფლობდა. გუნდის მარბიელი კაპიტან ბადრი დანგაძისა და ჰავბეკ თემურ თუთბერიძის დადებული ლელოთა წყალობით ზაზა ჩირგაძის ბიჭები შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მართალია, მეორე ტაიმში შუამარბ გიგა კუხიანიძის გატანილი ლელოთი ‘ბაგრატს’ მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდა, თუმცა ბადრი დანგაძის შესრულებულმა „დუბლმა“ მასპინძლები სამატჩო ქულის გარეშე დატოვა. ‘დინოზავრმა’ – 22:10 იმარჯვა.
მე-13 ტურის შეხვედრაში ‘დინოზავრი’ ვაზისუბანში მარნეულის ‘არმაზს’ ესტუმრა და პრემიალური ქულით იმარჯვა. იმერლებმა ქვემო ქართლელებს 5 ლელო დაუდეს. „დუბლით“ ‘დინოზავრის’ მარბიელი კაპიტანი ბადრი დანგაძე გამოირჩა. ლიდერის წარმატებას სათავე შუამარბ დავით კვირიკაშვილის ლელომ დაუდო, წერტილი კი ფრთა დავით ჩაუჩიძის გატანილმა ლელომ დაუსვა. ‘არმაზის’ მხრიდან კი ეული ლელოს დადება პირველ ტაიმში კვაჭმა გიორგი დანელიამ მოახერხა – 44:8.
ვაზისუბნის სარაგბო არენამ ‘ვეფხვები’-‘ტაოს’ შეხვედრასაც უმასპინძლა. მატჩი უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა. ფავორიტმა მესხებმა მეტოქეზე 3-ით მეტი, 5 ლელო გაიტანეს და თან მაღალი ბოჭვისთვის მხტომელ გუჯუ ალავიძის წითელი ბარათით გაძევების შემდეგ გარე კახელები მეორე ტაიმის დებიუტში კაცნაკლულნი დარჩნენ, თუმცა ზვიად ცუხიშვილის შეგირდებმა დალაგებული, რაციონალური თამაშისა და ძალთა მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე სენსაციური გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
მატჩის 70 წუთი პრაქტიკულად ქულა-ქულაში მიდიოდა და ბოლო 10 წუთში ‘ტაო’ 8 ქულიანი უპირატესობით შევიდა, თუმცა პატარძეულელთა რიგებში ყველაზე გამორჩეულმა და შედეგიანმა ლაშა გურგენიძემ ჯერ ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი თანაგუნდელ მორკინალთა აქტიური მიძალების შედეგად კაპიტან ზაურ შაქარაშვილის დადებული ლელოც გარდასახა და გარე კახელთა ურთულესი გამარჯვებაც დააფიქსირა – 33:31. ‘ვეფხვების’ ფულბეკ გურგენიძეს განვლილ შეხვედრაში დადებულ ლელოსთან ერთად, 7 გატანილი ჯარიმაც დაუგროვდა.
გორში, ჭალის დასახლებაში ადგილობრივი ‘გორისა’ და ‘არმიას’ შეხვედრა ასევე მეტად დაძაბული გამოდგა. მატჩი გარდამავალი უპირატებით წარიმართა, სადაც მეტოქეებმა 3-3 ლელოს გატანა მოახერხეს. მარქაფადან ჩართულმა „არმიელთა“ ფრთა საბა ილურიძემ „დუბლი“ შეასრულა, შიდა ქართლელთა კვაჭ დიმიტრი ხურცილავას აქტივში ასევე წყვილი გატანილი ლელოა. მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ხურცილავას დადებულმა მეორე ლელომ მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფ ‘გორს’ მარცხისაგან თავის დაღწევის რეალური შანსი მისცა, თუმცა მასპინძელთა მგეზავ გოდერძი ჭინჭარაულს მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა, რამაც შიდა ქართლელები მხოლოდ ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა. დრამატული შეხვედრა ‘არმიამ’ – 21:19 მოიგო.
ვაზისუბნის მსგავსად, „აია არენამაც“ 2 შეხვედრას უმასპინძლა. ჭიათურის ‘მათეს’ ზემო იმერეთში უამინდობის გამო თეთრი წყაროს ‘იუნკერებთან’ საშინაო შეხვედრის გამართვა ქუთაისში მოუხდა. ‘მათე’ შეხვედრას პირველივე წუთებიდან აკონტროლებდა და შუამარბ მერაბ ცერცვაძის გარდასახული ლელოსა და ფიჯელი მგეზავის ნიკო იალოსოლოს გატანილი ჯარიმით შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობით წავიდა.
მეორე ტაიმში გარისელებმა ტემპს უმატეს, მასპინძელთა ფიჯელი ფულბეკის მაიკელი როკოდინონოს დადებულ ლელოს, კვაჭ ნიკა შალიკაშვილისა და ფულბეკ არჩილ იაშაღაშვილის გატანილი ლელოები დაუპირისპირეს და ანგარიშში ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს. მატჩის დასკვნით ნაწილში ‘მათემ’ თავი კარგად დაიცვა და იალოსოლოს გატანილი რიგით მეოთხე ჯარიმით გარისელები სამატჩო ქულის გარეშე დარჩნენ. ‘მათემ’ შეხვედრა – 24:15 მოიგო.
მე-13 ტური ‘ბაგრატი’-‘ლოკომოტივის’ შეხვედრით დასრულდა. მეტოქეებმა 3-3 ლელო გაიტანეს და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. რიონისპირელებმა „რკინიგზელებს“ 10 ქულიანი უპირატესობა გაუბათილეს და შუამარბ საბა ხელაძის დადებული ლელოთი მატჩის მიწურულს 2 ქულით დაწინაურდნენ. ხელაძეს, ვისაც მანამდე 3 ჯარიმა ჰქონდა გატანილი ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა. ქვეყნის 10-გზის ჩემპიონმა ბოლო შეტევაში მეტოქის ცენტრის სიახლოვეს ჯარიმა გამოიმუშავა, რომლის გატანა სტუმართა მგეზავმა ონისე ნიკოლაძემ არცთუ ურიგო პოზიციიდან ვერ მოახერხა. დრამატულ ბრძოლაში გამარჯვება ‘ბაგრატს’ დარჩა – 26:24.
RUGBY.GE