რაგბი

15:44 | 5.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ლელო 29:7 ყოჩები

თბილისის ‘ლელო სარასენსმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ დასკვნით 22 წუთში ოთხი ლელო გაუტანა, 29:7 გაიმარჯვა და გაწითლებულ დროზე ბონუს-ქულაც მოიპოვა.

ამ მოგებით დიდ დიღმელებს სატურნირო ცხრილში 49 ქულა მოუგროვდათ, ქუთაისის ‘აიას’ გაუტოლდნენ, მას ურთიერთშეხვედრაში მოგებით გადაასწრეს და პირველ ადგილზე დაბრუნდნენ. ‘ყოჩებს’ 32 ქულა დარჩა და საპლეიოფო მე-5 პოზიციაზე რჩება, თუმცა „ნეიტრალურ ზონას“ (მე-7) უკვე მხოლოდ 2 ქულა აშორებს.

„ლელო არენაზე“ პირველი ტაიმის უმეტესმა დრომ უქულოდ ჩაიარა. სტუმრები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახეს. ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მასპინძლებმა 39-ე წუთზე მიიღეს, ირაკლი ყიასაშვილმა კარის წინ 20 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და თავისიანები 3:0 დააწინაურა.

48-ე წუთზე სოსო მათიაშვილის შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ლაშა მალაღურაძემ ლელო გაიტანა, თავადვე გარდასახა და ‘ყოჩები’ 7:3 დაწინაურდა. ‘ლელომ’ შეტევაში თამაში დაალაგა, 59-ე წუთზე სწრაფი ხელდახელ შეტევის შემდეგ გაგა ქევხიშვილი ფრთაზე მცველს გაექცა და საპასუხო ლელო გაიტანა, ყიასაშვილმა კი კარის წინიდან გარდასახა. 67-ე წუთზე, ფაზური შეტევის შემდეგ ქევხიშვილმა ყიასაშვილის გრძელი გადაცემა შეირგო, მბოჭავს ამჯერადაც ცრუმოძრაობით დაუსხლტა და თავისი მეორე ლელო გაიტანა.

დასკვნით 10 წუთში გუნდები 14-14 კაცის ამარა დარჩნენ. სინბინით ბურჯები – გიორგი შამათავა (ლელო) და ბექა გვარამია (ყოჩები) დაისაჯნენ, ერთ წუთში კი მასპინძლებმა კარის წინ 5 მეტრში დანიშნული შერკინებიდან შეუტიეს და ბოჭვის მიუხედავად გიორგი ჩიქოვანმა ლელოს უწია, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა.

გაწითლებულ დროზე მასპინძლებმა დერეფნიდან მოლით შეუტიეს, მას გიორგი კურტანიძე მოწყდა და პრემიალური ლელო გატანა, ყიასაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფაიქსირა – 29:7. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ჩიქოვანი გახდა.

RUGBY.GE

0.11732