ფეხბურთი

17:36 | 3.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირანმა იაპონია დაამარცხა და აზიის თასის ნახევარფინალშია

აზიის თასის მეოთხედფინალური ეტაპის ცენტრალურ შეხვედრაში ირანის ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ორივე გუნდი ტურნირის მთავარ ფავორიტებში იყო, შესაბამისად, მეოთხედფინალში მათი დუელი დიდ ინტერესს იწვევდა. ორი განსხვავებული ტაიმი შედგა: პირველ ნახევარში იაპონია გაცილებით უკეთ ირჯებოდა და ჰიდემასა მორიტას გოლით 28-ე წუთზე დაწინაურდა კიდეც.

თუმცა, მეორე ნახევარში მოედანზე ვითარება შეიცვალა. იაპონიის ნაკრები ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით დაცვაში. შედეგად, 55-ე წუთზე მოჰამედ მოჰებიმ გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე დაცვაში კო იტაკურამ ითამაშა კატასტროფულად და პენალტი აიკიდა, რომელიც ალირეზა ჯახანბახშმა გოლად აქცია - 2:1.

ირანის ნაკრები ნახევარფინალში კატარისა და უზბეკეთის წყვილში უმჯობესს შეხვდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი იორდანია და სამხრეთ კორეა შეხვდებიან.

0.133433