„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა მსაჯების მხრიდან მადრიდის „რეალის“ დახმარებაზე. როგორც მან თქვა, ეს ყველაფერი უსინათლო ადამიანისთვისაც კი შესამჩნევია.
„თუ მიზნებს ვერ მიაღწევ, უნდა წახვიდე. პირველ სეზონში მეორე ადგილზე გავედით, მეორე წელი ძალიან კარგი იყო და მესამეში მოლოდინი არ გამართლდა. ეს ყველაფერი შედეგის საკითხია, ფეხბურთში ასე ხდება. გადავწყვიტე წასვლა 30 ივნისს, არა პრესის კრიტიკის ან ფსიქიკური პრობლემების გამო, როგორც ითქვა. უბრალოდ, მოლოდინი არ გამართლდა და კლუბს ცვლილება სჭირდება. ჩვენი თამაშის დაწესება ვერ მოვახერხეთ, განსაკუთრებით ამ სეზონში, გვაკლდა სტაბილურობა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი ორი ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
ლაპორტას სიტყვები „რეალზე“? 100%-ით ვეთანხმები. უკვე ვთქვი, რომ არ მომწონდა „რეალის“ თამაშებზე მსაჯების გავლენა და ამას ყოველ ტურში აკეთებენ. ეს რეალობაა და „ბარსელონას“ გულშემატკივრებს ვერ მოვატყუებთ. ნამდვილად მიკვირს, რომ ამის უფლებას აძლევენ, რადგან უსინათლოც დაინახავს რა ხდება. იგივე ჩოლო სიმეონემაც თქვა? ჩვენ სულელები არ ვართ, ამას ვხედავთ და ყველა ხედავს, მაგრამ ამაზე მედიამ უნდა ილაპარაკოს“, - განაცხადა ჩავიმ.