კალათბურთი

10:27 | 3.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურჯაანის დელტამ აჭარაში ბათუმი დაამარცხა

ერთთვიანი პაუზის შემდეგ სუპერლიგა განახლდა. რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე აჭარაში დანიშნული მატჩით დაიწყო, სადაც ბათუმმა გურჯაანის დელტას უმასპინძლა. ამ გუნდების პირველი წრის შერკინება, რომელიც გურჯაანში, სუპერლიგის პირველ ტურში გაიმართა, ბათუმელთა 5-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. ამჯერადაც სტუმრებმა იმარჯვეს: დელტამ მასპინძელი ბათუმი 9 ქულით – 83:74 (სტატისტიკა) დაამარცხა და ვინძლო, ამ გუნდებს რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს თანაბარი ქულები დაუგროვდეთ, უპირატესობა დელტას მიენიჭება.

გურჯაანელებმა პირველი წრე მე-2 ადგილზე დაასრულეს და მას შემდეგ შემადგენლობა კიდევ უფრო გაიძლიერეს, რაც ამ გუნდის მაღალი მიზნებისთვის სწრაფვას მოწმობს. დელტა ყოველთვის ამბიციური გუნდი იყო და სუპერლიგის მწვერვალზეც ასულა (2019 წელს), მიმდინარე სეზონში კი მთელი მეორე წრე და შემდეგ პლეი ოფი წინაა. ბათუმში მოპოვებული გამარჯვებით გურჯაანელებმა მე-2 ადგილი გაიმყარეს და კონკურენტ თსუ-ს შედეგს დაელოდებიან, რომელიც ამ ტურში ივერიონს, გორში ეთამაშება.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანელები მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდნენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი დელტა პირველივე წამებზე რომ დაწინაურდა, ბათუმი ახლოს მხოლოდ ბოლო წუთებზე მიუშვა. შეხვედრის შუაწელში სტუმართა 10, 15 და 18-წულიანი ლიდერობა ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ბათუმელებმა მოახერხეს მეტოქესთან მიახლოება. შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა (72:75), მაგრამ დელტამ მყისვე მოახდინა რეაგირება – მწყობრი დაცვისა და შედეგიანი შეტევის ხარჯზე ბოლო წუთზე ლიდერობა 8 ქულამდე გაზარდა და ბათუმი უშანსოდ დარჩა.

გურჯაანელთა შემადგენლობაში 21 ქულით საუკეთესო იყო ჯარვის რეი. მეორე ლეგიონერს, ტერი კოლინსს 17 ქულა დაუგროვდა. თსუ-დან გადასულმა გიორგი ტურძილაძემ გამარჯვებულებს 13 ქულა წააშველა. ოთო ფხაკაძის ანგარიშზე 12 ქულა და 9 პასი დაგროვდა. ბათუმელთაგან 21 ქულით ოთარ ბულიავა გამოირჩა. 15 ქულა ლუკა კალატოზიშვილმა დააგროვა. ორივე მათგანმა 7-7 მოხსნაც მიითვალა.

სუპერლიგის მე-12 ტურის მორიგი მატჩები 3 თებერვალს, ტყიბულსა და ქუთაისში გაიმართება. ქუთაისელები რუსთავს უმასპინძლებენ, ხოლო ორბი გაუ-ს დაუხვდება.

GBF.GE

0.161405