სხვა

13:39 | 1.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შეჯამება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალის დამატებით დროში 33-31 დანია დაამარცხა. ფრანგები ევროპის ჩემპიონები მეოთხედ გახდნენ და შვედეთამდე (ხუთგზის ევროპის ჩემპიონი) მხოლოდ 1 ტიტული აშორებთ. მესამე ადგილის მატჩში შვედეთმა მასპინძელი გერმანია 34-31 დაამარცხა.

ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 18-ე ადგილი დაიკავა. გუნდმა პირველი ისტორიული გამარჯვება ბოლო მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ მოიპოვა, სადაც მეტოქე 22-19 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სამი ჩატარებული თამაშიდან ორში საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცხოვრებაძე და ზურაბ ცინცაძე დასახელდნენ. გარდა ამისა, პირველი ისტორიული გოლის ავტორი ჩვენი ერთ-ერთი ბომბარდირი ერეკლე არსენაშვილი გახდა, ხოლო ირაკლი კბილაშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე (გუნდის კაპიტანი), გიორგი ცხოვრებაძე და ზურაბ ცინცაძე მუდმივად ხვდებოდნენ ტურის გამორჩეულ გოლებსა და მომენტებში.

აღსანიშნავია, რომ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების პირველ ორ მატჩს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს გენერალური კონსული შტუტგარტში ლევან ღვაჩლიანი და კონსული ზაქარია მეგრელიშვილი, საქართველოს კონსული ფრანკფურტში ქალბატონი მაია აბულაშვილი. ნაკრებს გვერდში ედგა და ტრიბუნიდან თავდაუზოგავად ქომაგობდა, დამსახურებული ჟურნალისტი - თენგიზ პაჭკორია. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ ქართული დიასპორის მობილიზებისა და ჩართულობისათვის.

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრები მზადებას 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის გააგრძელებს, ორმატჩიან დუელში ავსტრიას დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი თბილისში თამაშს 8-9 მაისს ჩაატარებს, ხოლო მეორე მატჩი ავსტრიაში 11-12 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2025 წლის იანვარში ხორვატიაში, დანიასა და ნორვეგიაში გაიმართება.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე:

მეკარეები: ზურაბ ცინცაძე (აზოტი, პოლონეთი), დავით ნიქაბაძე (სარატოვი, რუსეთი)

მარცხენა კუთხეები: ხაზეინ რუსტამოვი (ისკრა, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი, საქართველო)

მარცხენა ინსაიდები: თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი, ჩრდილოეთ მაკედონია), მირიანი გავაშელიშვილი (მეტალოპლასიკა, სერბეთი), ზურიკო სიმონია (ქუთაისი 2015, საქართველო)

გამთამაშებლები: ირაკლი კბილაშვილი (პოტაისა ტურდა, რუმინეთი), გიორგი არეშიძე (პოლიტეხნიკა, რუმინეთი), ზურაბ გოგავა (კოტბუსი, გერმანია)

მარჯვენა ინსაიდები: გიორგი ცხოვრებაძე (გუმერსბახი, გერმანია), სანდრო დარსანია (ბელენენსეში, პორტუგალია).

მარჯვენა კუთხეები: გიორგი დიხამინჯია (ლოვისიცე, ჩეხეთი), ირაკლი გოგოლაძე (ბათუმი, საქართველო)

ხაზები: ერეკლე არსენაშვილი (პუენტე ხენილ, ესპანეთი), გიორგი ლაპიაშვილი (ბათუმი, საქართველო)

ოფიციალური პირები: ტიტე კალანდაძე (მთავარი მწვრთნელი), შოთა თევზაძე (მწვრთნელი), მერაბ მეტრეველი (გუნდის უფროსი), ლევან კაკუშაძე (ექიმი), მამუკა ბაქრაძე (ფიზ. მომზადების მწვრთნელი), საბა ხაჩიძე (მასაჟისტი), იური გოგიაშვილი (გუნდის ასისტენტი), სალომე ონიანი (დელეგაციის ხელმძღვანელი), თამარ ჩოგოვაძე (გუნდის მენეჯერი), ანასტასია პაპუაშვილი (მედია მენეჯერი), ლანა მარგიანი (მარკეტინგი)

ხელბურთის ფედერაცია დიდი მადლობას უხდის კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მოთამაშეებს, მწვრთნელებს და ოფიციალურ პირებს, სპონსორებს და ყველა ჩართულ ადამიანს თავდაუზოგავი შრომისთვის.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

0.127525