ფეხბურთი

3:08 | 30.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოტ დივუარმა მოქმედი ჩემპიონი სენეგალი აფრიკის თასიდან გააგდო

კოტ დივუარის ნაკრები აფრიკის თასის ჯგუფიდან გაჭირვებით გავიდა, ტურნირის მიმდინარეობისას მწვრთნელი შეცვალეს, მაგრამ მერვედფინალში მოქმედ ჩემპიონ სენეგალთან, რომელიც ტურნირის ფავორიტად განიხილებოდა, გაიმარჯვა.

სენეგალი დიალოს გოლით მეოთხე წუთზე დაწინაურდა და თითქოს, კოტ დივუარი განწირული იყო. თუმცა, ემერს ფაეს გუნდმა 86-ე წუთზე ფრანკ კესის პენალტით გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

პენალტები სენეგალის ნაკრებისთვის ფატალური გამოდგა, რადგან ჯერ ხომ ასე გაუშვა გოლი, მერე საერთოდაც, პენალტების სერიაში წააგო, სადაც კოტ დივუარი უშეცდომო იყო, ხოლო სენეგალელთა მხრიდან თავი მხოლოდ ნიაკატემ ვერ გამოიჩინა.

ამრიგად, კოტ დივუარი მეოთხედფინალშია, ისევე, როგორც კაბო ვერდე, რომელმაც მავრიტანიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ნიგერია ანგოლას შეხვდება, დ.რ. კონგო გვინეას, კაბო ვერდე და კოტ დივუარი კი მეტოქეებს ელიან. 30 იანვარს ბოლო ორი მერვედფინალური მატჩია: მალი - ბურკინა ფასო და მაროკო - სამხრეთ აფრიკა.

0.12322