ავსტრალიის ღია პირველობის 2024 წლის ჩემპიონმა იანიკ სინერმა ფინალის მოგების შემდეგ ისაუბრა. მან განსაკუთრებული მადლობა საკუთარ მშობლებს გადაუხადა.
„პირველ რიგში, დანიილ, გილოცავ გამორჩეულ ტურნირს. ბევრჯერ ვითამაშეთ და ყოველი მატჩი რაღაცას მიჩვენებდა, რა მიჭირდა და რაში მქონდა მოსამატებელი. გისურვებ, ერთ დღესაც ამ თასის მოპოვებას, რადგან ამას იმსახურებ.
ჩემთვის ძალიან კარგი ტურნირი იყო, ყველას მადლობა, ვინც ეს სლემი ჩემთვის განსაკუთრებული გახადა. მადლობა ჩემს გუნდს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც არა მარტო აქ არის, არამედ სახლშია. მამხნევებდით და ჩემი გესმოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეს ადვილი არ იყო. ამ ორ კვირაში განსაკუთრებული მხარდაჭერა მივიღე და თავი სახლში მაგრძნობინეთ.
მადლობა ჩემს ოჯახს. ყველას მინდა ისეთი მშობლები ჰყავდეს, როგორიც მე. ისინი ყოველთვის მაძლევდნენ არჩევანის გაკეთების უფლებას, ყველა ბავშვს ვუსურვებ ის თავისუფლება ჰქონდეს, რაც მე მქონდა“, - თქვა სინერმა.
შეგახსენებთ, იანიკ სინერმა კარიერაში პირველად არათუ ავსტრალიის ღია პირველობა, არამედ დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ზოგადად, სინერი მე-5 იტალიელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო ნიკოლა პიეტრანჯელის, ადრიანო პანატას, ფრანჩესკა სკიავონესა და ფლავია პენეტას შემდეგ.