რაგბი

15:13 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 19:23 ყაზბეგი

2024 წლის დიდი 10-ის პირველ მატჩში, კაცნაკლულად მოთამაშე სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ ‘ბათუმი’ მისსავე მოედანზე 23:19 დაამარცხა და „სარბიელის სინი“ ჩამოართვა.

შეხვედრა სტუმრებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. ორი მიღებული ლელოს შემდეგ, მათი კვაჭი და ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჭავჭავაძე მე-15 წუთზე წითელი ბარათით დაისაჯა, თუმცა სტეფანწმინდელებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

მასპინძლები მე-2 წუთზე დაწინაურდნენ. მოლი ლელოთი გიორგი მენაბდემ დაასრულა. მე-5 წუთზე მამუკა ნინიძემ ხაზი გაჭრა და ბურთი კობა ბუჯიაშვილს გაატანა, ის ზედ ლელოს ხაზთან შებოჭეს, რაქიდან გამოტანილი ოვალი ნინიძემ ფეხით ფრთაზე გადაკიდა, სადაც ვანო ფუტკარაძემ საჰაერო ბრძოლა მოიგო და მეორე ლელო მიითვალა. მამუკა ნინიძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 14:0.

მე-15 წუთზე სახიფათო ბოჭვისთვის წითელი ბარათი ლევან ჭავჭავაძემ მიიღო და თითქოს ‘ყაზბეგის’ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, თუმცა ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ. მასპინძლები რამდენიმე ეპიზოდში აშკარა ლელოს გადარჩნენ, 30-ე წუთზე კი სტუმრებმა დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშეს, გუგუა ხულელიძემ ხაზი ნიკა ბაგაშვილს გააჭრევინა, მისი გადაცემის შემდეგ კი მიხეილ ახობაძე მბოჭავს ფრთაზე გაექცა და ლელო ძელებსშუა გაიტანა.

ტაიმის მიწურულს ‘ყაზბეგის’ მორიგი კარგი შეტევა ‘ბათუმმა’ ჯარიმით შეაჩერა, ამას 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი და შეცვლაზე შესული კვაჭის, რეზი მარგალიტაძის ლელო მოყვა. დავით მოძღვრიშვილმა ორივე გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა – 14:14.

მეორე ტაიმის დასაწყისში მოძღვრიშვილმა ჯარიმით სტეფანწმინდელები დააწინაურა. ამ ეპიზოდში მასპინძელთა ბურჯი ჯაბა შათირიშვილი სინბინით დაისაჯა და 10 წუთით ‘ბათუმიც’ 14 კაცის ამარა დარჩა, მაგრამ იქვე შეძლო სწრაფი, ხელდახელ შეტევის ორგანიზება და ვიტალი ირემაძემ ლელო გაიტანა. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, მოძღვრიშვილმა 59-ე წუთზე ჯარიმით სტუმრებს უპირატესობა დაუბრუნა და დასკვნითი 20 წუთი დაიწყო.

ზღვისპირელებმა ამ პერიოდში რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, მაგრამ ხან შეცდომების და ხანაც სტეფანწმინდელების გმირული დაცვის გამო ქულის აღება ვერ შეძლეს. სამაგიეროდ 77-ე წუთზე მოძღვრიშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ‘ყაზბეგმა’ 23:19 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ მოძღვრიშვილი გახდა. მის ‘ყაზბეგს’ 25 ქულა მოუგროვდა და ჯერჯერობით კვლავ მე-8 პოზიციაზეა, თუმცა საფლეიოფო ექვეულს თითქმის აღარაფერი აშორებს. ‘ბათუმს’ ნუგეშ-ქულა ერგო, 40 მოუგროვდა და ტურის სხვა მატჩებამდე პირველ ადგილზეა.

RUGBY.GE

0.10421