ფეხბურთი

10:58 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება საზონოვზე: "ყველაფერი მოიგერია, იურიჩის დავალება შეასრულა"

„ტორინოს“ ქართველმა მცველმა საბა საზონოვმა „კალიარისთან“ (2:1) მხოლოდ 78-ე წუთიდან ითამაშა, მაგრამ ძალიან კარგად და გამარჯვებაში არცთუ უმნიშვნელო წვლილი შეიტანა.

ქართველი ფეხბურთელის თამაში მაღალი ქულებით შეაფასა იტალიურმა მედიამაც, რაც სრულიად დამსახურებულია.

Toronews 6.5 ქულა: „ვიოლას გოლის შემდეგ დაუყოვნებლივ ჩაერთო, თამაშის ყველაზე ცხელ ფაზაში. იურიჩმა დაავალა რანიერის ბიჭების მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული მაღალი ბურთების მოგერიება და მან ეს დავალება შეასრულა. აბსოლუტურად გადამწყვეტი იყო თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე“.

Toro.it 7 ქულა: „იურიჩმა მოედანზე ვიოლას გოლის შემდეგ შეუშვა 2:1-ის დასაცავად და ქართველმა დიდებულად შეასრულა თავისი მოვალეობა. ბოლო შეტევაში ბრწყინვალე იყო, როდესაც ვიეტესკას კარის ხაზიდან რამდენიმე სანტიმეტრში თავით დაასწრო“.

Torinogranata 7 ქულა: „მატჩის მიწურულს, როდესაც „კალიარი“ ყველანაირად ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მან არ მისცა ლაპადულას მარცხენა ფეხით დარტყმის შესაძლებლობა. ის გადამწყვეტი იყო მაშინაც, როდესაც ვიეტესკა ლაპადულას პასის შემდეგ ბურთს ცარიელი კარის წინ ელოდა“.

Eurosport 6.5 ქულა: „ორი გადამწყვეტი მოქმედება დასწრებაზე მატჩის მიწურულს, რითაც სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა“.

Calciomercato: „როსობლუს“ ბოლო თავდასხმა მოიგერია გმირმა საზონოვმა, რომელმაც თავისი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა“.

„ტორინოს“ ვებგვერდი: „საბა საზონოვი ქართველი ფეხბურთელია, „ტორინოს“ და საქართველოს ნაკრების მცველი. მან ყველაფერი მოიგერია!“

შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ 31 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 თებერვალს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. სხვათა შორის, ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ალესანდრო ბონჯორნო გამოტოვებს, რომელიც საზონოვის კონკურენტია და შეიძლება ქართველი ძირითადში ვიხილოთ. ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.125208