ფეხბურთი

19:20 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" პრეზიდენტი: "მიქაუტაძის იჯარა იყო შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა"

„მეცის“ პრეზიდენტმა ბერნარ სერინმა თქვა, რომ გიორგი მიქაუტაძის დაბრუნება გუნდისთვის საკმარისი არ არის და საჭიროა შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ქართველს პასებით მოამარაგებს.

„გიორგი მიქაუტაძის იჯარა იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა. ამ იჯარის ფინანსური პირობები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გასაკეთებელი იყო. ახლა უფრო მთავარი ისაა, რომ გიორგის მოსვლა საკმარისი არაა. გვჭირდება გაძლიერება ნახევარდაცვაში, რომელსაც შეუძლია 9 ნომრის უკან ყოფნა და რომელსაც შეუძლია გიორგის ბურთით მომარაგება, როგორც ამას აბილ ჯალოუ აკეთებს. ვაგრძელებთ ასეთი შემტევი ნახევარმცველის ძებნას, 2-3 ვარიანტი გვაქვს, მაგრამ ჯერ ნაადრევია სახელებზე საუბარი“, - თქვა სერინმა.

შეგახსენებთ, რომ „მეცს“ ბოლო ხუთ ტურში ქულა არ მოუპოვებია, რის შედეგადაც 16 ქულით უკვე მე-16 ადგილზე ჩამოქვეითდა, რაც გასავარდნი პლეი-ოფის ზონაა, წინ კი, 27 იანვარს, „ნიცასთან“ საგარეო მატჩია. მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი) და გუნდში ჯერ კიდევ მესამე გოლეადორია შეიკ საბალისა და აბილ ჯალოუს შემდეგ, რომელთა აქტივში 3-3 გოლია. გიორგიმ ერთი კვირის წინ ამხანაგურ მატჩში „ესპერანჟთან“ ორი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.119938