ფეხბურთი

17:11 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "აქ ყველაფერი მიყვარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ დაიღალა და სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლაც ამიტომ გადაწყვიტა. როგორც მან აღნიშნა, მას ყველაფერი უყვარს ქალაქსა და კლუბში, მაგრამ წასვლის დრო მოვიდა.

„მესმის, რომ ეს ახლა ბევრისთვის შოკია, როცა პირველად გესმით, მაგრამ ცხადია, შემიძლია ავხსნა ან ყოველ შემთხვევაში ვეცდები, ავხსნა.

მიყვარს აბსოლუტურად ყველაფერი ამ კლუბში, მიყვარს ყველაფერი ქალაქში, მიყვარს ყველაფერი ჩვენს გულშემატკივრებში, მიყვარს გუნდი, მიყვარს პერსონალი. ყველაფერი მიყვარს. მაგრამ ის ფაქტი, რომ მე მაინც ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, მეტყველებს იმაზე, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის, რაც უნდა მივიღო. საქმე ისაა, რომ ენერგია მეწურება. ახლა არანაირი პრობლემა არ მაქვს, ცხადია, დიდი ხანია ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მომიწევდა ამის გამოცხადება, მაგრამ ახლა აბსოლუტურად კარგად ვარ. ვიცი, რომ არ შემიძლია საქმის კეთება გამუდმებით. წლების შემდეგ, რაც ერთად გავატარეთ და იმდენი დროის შემდეგ, რაც ერთად გავაკეთეთ და იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ერთად გამოვიარეთ, გაიზარდა კლუბისადმი პატივისცემა, გაიზარდა სიყვარული და ერთადერთი, რასთანაც ვალში არ ვარ, სიმართლეა.

კლუბს ამის შესახებ უკვე ნოემბერში ვუთხარი. ხალხი ხედავს იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ, მხოლოდ გარედან. როდესაც სეზონი იწყება უკვე გეგმავ მომავალ სეზონს. როდესაც ერთად ვისხედით და ვსაუბრობდით პოტენციურ ტრანსფერებზე, მომავალ საზაფხულო შეკრებაზე და შეგვეძლო თუ არა სადმე წასვლა, თავში აზრმა გამიელვა: „არ ვარ დარწმუნებული, რომ მაშინაც აქ ვიქნები“. ეს მეც გამიკვირდა. მაგრამ ამაზე ფიქრი დავიწყე.

აშკარად გასული სეზონი იყო ძალიან რთული სეზონი და სხვა კლუბებში გადაწყვეტილებას მიიღებდნენ: "დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ჩვენ ალბათ უნდა დავშორდეთ“. ეს აქ, ცხადია, არ მომხდარა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შემეძლო დავხმარებოდი ამ გუნდს თავის გზაზე დაბრუნებაში, სულ ეს იყო, რაზეც ვფიქრობდი“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი „ლივერპულში“ 2015 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდში თითოჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი და რაც მთავარია, 30 წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტული. იურგენ კლოპი სამწვრთნელო კარიერაში „ლივერპულის“ გარდა, „მაინცის“ და „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ასევე დიდ წარმატებას მიაღწია. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კლოპი მუშაობას და ვინ შეცვლის მას „ლივერპულში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111203