„ლივერპულის“ და იურგენ კლოპის ურთიერთობა მიმდინარე სეზონის ბოლოს დასრულდება.
გერმანელმა სპეციალისტმა კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც „ლივერპულის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. კლოპი სეზონს ჩაამთავრებს, ზაფხულიდან კი, „წითლებს“ ახალი დამრიგებელი ეყოლებათ.
იურგენ კლოპი „ლივერპულში“ 2015 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდში თითოჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი და რაც მთავარია, 30 წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტული.
იურგენ კლოპი სამწვრთნელო კარიერაში „ლივერპულის“ გარდა, „მაინცის“ და „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ასევე დიდ წარმატებას მიაღწია. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კლოპი მუშაობას და ვინ შეცვლის მას „ლივერპულში“.