კალათბურთი

11:39 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები: ბათუმი და გურჯაანის დელტა

საქართველოს თასის გათამაშებაში კინაღამ გვარიანი სენსაცია დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, ტურნირში სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდები მონაწილეობენ და ერთის გარდა ყველა იმ წყვილში, რომელშიც სხვადასხვა ლიგების წარმომადგენლები ხვდებიან, ფავორიტთა სასარგებლოდ დიდი სხვაობები დაფიქსირდა. ერთადერთი გამონაკლისი ბათუმი – ვსა-ს დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც სუპერლიგის გუნდმა დიდი გაჭირვებით, 2 მატჩის ჯამში დაფიქსირებული ოვერტაიმის შემდეგ მოახერხა “ა” ლიგის წარმომადგენლის დამარცხება.

მოგეხსენებათ, თასის გათამაშებაში საპლეიოფო სერია 2 მატჩისგან შედგება. ანუ ითვლება არა მოგებები, არამედ 2 მატჩის შედეგად ჩაგდებული ქულები. პირველი მატჩი ვსა-მ (ვ. სანიკიძის აკადემია) 3 ქულით – 84:81 მოიგო და ბათუმში, საპასუხო მატჩის სათამაშოდ შესაბამისად, 3-ქულიანი უპირატესობით გაემგზავრა. ვსა-მ აჭარაშიც არაფერი დაუთმო სუპერლიგის ამბიციურ გუნდს და რეგულარული დროის ბოლო წამებზე ცოტა რომ გამართლებოდა, ბათუმს თასის გათამაშებიდან გააგდებდა.

ბორის პეტეს გაწვრთნილმა ვსა-მ უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, როცა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:30 წუთით ადრე 13 ქულით ჩამორჩენილმა თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. თუმცა აკადემიელებს თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად ანგარიშის გათანაბრება არ დასჭირვებია. როგორც გითხარით, პირველ მატჩში მოგებული 3 ქულა ვსა-ს მარაგში ჰქონდა და ოვერტაიმის ზღვარი სწორედ 3 ქულაზე გადიოდა.

საშა ვუკსანოვიჩის, დავით კაუშაძისა და კამერონ ვორენსის შედეგიანობით თბილისურმა გუნდმა 10:0 გაქცევა მოაწყო და ბოლო წუთისთვის ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა – 76:79. აკადემიელებს მეტიც შეეძლოთ, თუმცა ოთარ პერტაიას ბოლო წამებზე ნასროლი კალათში არ ჩაეშვა და ბათუმმა სწორედ იმდენი ქულით გაიმარჯვა, რამდენითაც პირველი მატჩი წააგო. დაინიშნა ოვერტაიმი, რომელშიც მასპინძლებმა დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხეს სხვაობის გაზრდა და საბოლოოდ შეხვედრა 94:87 (სტატისტიკა) დასრულდა და ბათუმი მეოთხედფინალში გავიდა.

გამართულ მეორე სათასო მატჩში სუპერლიგის წარმომადგენელმა გურჯაანის დელტამ 88:73 (სტატისტიკა) დაამარცხა “ა” ლიგელი სოხუმი-საქართველო და მეოთხედფინალში ბათუმს შეუერთდა. გურჯაანელებმა 2 მატჩის ჯამში 48 ქულით იმარჯვეს.

GBF.GE

0.116202