აფრიკის თასზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა - ალჟირის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა D ჯგუფის ბოლო ტურში მავრიტანიასთან წააგო - 0:1.
ანგარიშში სხვაობა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, რადგან ალჟირი გოლს არაერთხელ გადაურჩა, შეტევაში კი თვითონ ბევრი ვერაფერი შექმნა. საბოლოოდ, ალჟირი 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ტურნირს გამოეთიშა, ხოლო მავრიტანიამ ამ მოგებით 3 ქულით დაასრულა ასპარეზობა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რითაც საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვდა, შესაბამისად, მერვედფინალში გავიდა.
ამავე ჯგუფში ანგოლამ 2:0 აჯობა ბურკინა ფასოს. ორივე გუნდი გავიდა მერვედფინალში, ანგოლა პირველი და ბურკინა ფასო მეორე ადგილით.
აფრიკის თასის მერვედფინალში ორი წყვილი ცნობილია: ნიგერია - კამერუნი და ეკვატორული გვინეა - გვინეა. ბურკინა ფასო, სენეგალი, ანგოლა, კაბო ვერდე და ეგვიპტე მეტოქეებს ელიან.